საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყო.
სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს "ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებისთვის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და გახარია "საქართველოსთვის" აკრძალვას.
განხილვა სხდომის თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გახსნა.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომას გახსნილად ვაცხადებ.
პლენუმის მიერ არსებითად იხილება ნომერი 1979 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე: საქართველოს პარლამენტის წევრები (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისათვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", "ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის თავისუფლებისათვის", "ფედერალისტური პარტია", "გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.
დავის საგანია: პოლიტიკური პარტიების - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისათვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა", "ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის თავისუფლებისათვის", "ფედერალისტური პარტია", "გახარია საქართველოსთვის" საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ სარჩელს განიხილავს შემდეგი შემადგენლობით: მე გახლავართ თავმჯდომარე რევაზ ნადარაია.
მოსამართლეები: ბატონი ვასილ როინიშვილი, რომელიც ამავდროულად არის მომხსენებელი მოსამართლე, ქალბატონი ევა გოცირიძე, ბატონი გოგა კიკილაშვილი, ბატონი სერგო მეთოფიშვილი, ბატონი გიორგი თევდორაშვილი, ბატონი გიორგი მოდებაძე.
სხდომის მდივანი არის ქალბატონი დარეჯან ჩალიგავა", - განაცხადა სხდომის თავმჯდომარემ.
სხდომაზე გამოცხადდნენ მოსარჩელის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი კახიანი, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი.
ასევე, გამოცხადდნენ მოპასუხის წარმომადგენლები:
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები: ანი წითლიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ბეჟაშვილი, ალიკა კუპრავა, ზაზა ბიბილაშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი;
პოლიტიკური გაერთიანება "კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა": ნიკა გვარამია, მარიკა არევაძე, გიორგი თევზაძე, თენგიზ თევზაძე, მაია კოპალეიშვილი, გიორგი ლემონჯავა;
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის": მიხეილ შარაშიძე, კახა სამხარაძე, თორნიკე ართქმელაძე, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი სიორიძე, ირაკლი კუპრაძე.
გამოცხადდნენ ასევე წარმომადგენლები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებიდან "გახარია საქართველოსთვის": ბერდია სიჭინავა, ირაკლი ქსოვრელი, ანა ბუჩუკური.
სხდომას არ ესწრებიან "ფედერალისტების" წარმომადგენლები.
სარჩელის ავტორთა თქმით, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმაციას.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.