21 ოქტომბერი 2026,   01:50
ვრცლად
შუა დერეფნის გაძლიერება და დედაქალაქის განტვირთვა - თბილისის 49-კილომეტრიანი შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა იწყება

თბილისის შემოვლითი გზა - პროექტი, რომელმაც შუა დერეფნის დაკავშირებადობა უნდა უზრუნველყოს და დედაქალაქის სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეცვალოს. 49-კილომეტრიანი ოთხზოლიანი მაგისტრალი წიწამურთან იწყება და დედაქალაქის გვერდის ავლით, კახეთის ავტობანს უერთდება. პროექტი მასშტაბიდან გამომდინარე რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი.

პროექტის განხორციელება წიწამური-ავჭალის შვიდ-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობით დაიწყება. ხელშეკრულება ხელმოწერილია. პროექტს ჩინური კომპანია განახორციელებს. აშენდება ოთხ-ზოლიანი საავტომობილო გზა და 3.4 კილომეტრი სიგრძის ორი პარალელური გვირაბი. შედეგად ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მოძრავი სატრანზიტო ნაკადები თბილისს გვერდს აუვლიან. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ხიდების და სატრანსპორტო კვანძების მოწყობას, რაც გაზრდის გამტარუნარიანობას და შეამცირებს გადაადგილების დროს.

მშენებლობის პარალელურად, გრძელდება ტენდერები იმ კომპანიების გამოსავლენად, რომლებიც პროექტის დარჩენილ ეტაპებს განახორციელებენ. უახლოეს მომავალში დაიწყება თბილისის შემოვლითი გზის მესამე ეტაპზე მუშაობა, რომელიც ავჭალას აეროპორტთან დააკავშირებს. პროექტი 9-კილომეტრიანი გზატკეცილის მშენებლობით გაგრძელდება, შედეგად აეროპორტიდან ლილოს ტერიტორიაზე მოხვედრა ალტერნატიული მარშრუტით იქნება შესაძლებელი. პროექტის საბოლოო ეტაპზე შესრულებული სამუშოები და 10-კილომეტრიანი მონაკვეთი შეამცირებს გადაადგილების დროს იმ სატრანზიტო ნაკადებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანის მიმართულებით მოძრაობენ.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გაზრდის დაკავშირებადობას და გააძლიერებს საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის როლს. ეს იქნება კიდევ ერთ შესაძლებლობა ქვეყანაში ახალი ინვესტიციების განხორციელებისთვის.

წიწამური ავჭალის გზის მშენებლობა 36 თვე გაგრძელდება. პროექტის მიზანი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და საგზაო უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებაა.

დღის ამბები