08 ოქტომბერი 2026,   15:32
ვრცლად
შალვა გოგოლაძემ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს, უმასპინძლა.

მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე შალვა გოგოლაძემ და ჟანა ანდრეასიანმა ორ ქვეყანას შორის მაღალი მიღწევებისა და მასობრივი სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო 2029 წელს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატსაც, რომელსაც საქართველო და სომხეთი ერთობლივად უმასპინძლებენ.

როგორც სპორტის მინისტმა შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, მას ახლო მომავალში ექნება ოფიციალური ვიზიტი სომხეთში, სადაც ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს.

"გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ქალბატონ მინისტრს, სადაც საუბარი შეეხო ძირითადად 2029 წელს საქართველო - სასომხეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ორმა ქვეყანამ უნდა უმასპინძლოს, რა თქმა უნდა, როგორც ჩვენთვის, ასევე სასომხეთისთვის ეს მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა.

ჩვენ შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ერთობლივი კომისია გავაკეთოთ, რომელიც ერთობლივად იმუშავებს, რომ ეს დიდი სპორტული ღონისძიება ორმა ქვეყანამ ღირსეულად მიიღოს და უმასპინძლოს, ასევე შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ახლო მომავალში მე მექნება ოფიციალური ვიზიტი სასომხეთში, სადაც ხელი მოეწერება ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს", - აცხადებს შალვა გოგოლაძე.

დღის ამბები