მსოფლიო ბანკის ჯგუფმა თბილისში რეგიონულ ფორუმს უმასპინძლა - "შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი", რომელმაც შეკრიბა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, შუა დერეფნის სრული ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობების განსახილველად.
ფორუმზე მსოფლიო ბანკის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიშის მიხედვით, კასპიის და შავ ზღვებს შორის სტრატეგიული ადგილმდებარეობით საქართველოს უკვე აკისრია წამყვანი როლი ტრანს კასპიურ სატრანსპორტო დერეფანში და ქვეყანა მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს მისი მომავლის ფორმირებაში.
"აღნიშნული კვლევა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანი არის მზარდი, შესაბამისად აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური შესაძლებლობები. 2040 წლისთვის, კვლევის მიხედვით, მოსალოდნელია ტვირთბრუნვის ოთხჯერ ზრდა და ასევე, ტვირთის გადაზიდვის დროის დაახლოებით ორი მესამედით შემცირება. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკურად განვითარდეს შუა დერეფნის მასპინძელი ქვეყნები და მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებით კვლევა ამბობს, რომ დაახლოებით 3.3%-ით გაიზრდება მშპ, საქართველოს შემთხვევაში კი ეს 3.6%-ს მიაღწევს. საქართველო აღნიშნულ მიმართულებას მზად ხვდება, ჩვენ 2025 წლის ბოლოს შევიმუშავეთ ათწლიანი ტრანსპორტის განვითარების ხედვა და გეგმა და, შესაბამისად, როგორც მოგეხსენებათ, 2032 წლამდე სახელმწიფო აპირებს, რომ მოაბილიზოს დაახლოებით 7 მილიარდი ამერიკული დოლარი იმისათვის, რომ განვითარდეს ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა." - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.