პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ორ კვირაში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
შალვა პაპუაშვილის თქმით, მათ სთხოვეს კოლეგებს, რათა იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა სამართლიანი დიალოგია.
"ორ კვირაში სწორედ აქ, ლუქსემბურგში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ჩვენ, ისევე, როგორც ბრიუსელში, ბელგიის პარლამენტში, ასევე აქ, ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, რომ იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, როდესაც ექნებათ მათ კონტაქტი და შეხება, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ ერთადერთი სწორი გზა, ეს არის სამართლიანი დიალოგის გზა.
ევროკავშირი თავისი არსით კონფრონტაციის დასაძლევად შეიქმნა და როდესაც დღეს კონფრონტაცია არის ზოგიერთებისთვის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პრინციპი, ეს თავისთავად უკვე ანტიევროპული არის.
ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ როგორც ლუქსემბურგის, ისე ბელგიის პარლამენტის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, მათი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მეშვეობით, ამ მხრივ იმუშავებენ ევროკავშირის ინსტიტუციებთან, რომ დაარწმუნონ დაუბრუნდნენ დიალოგის გზას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლუქსემბურგში დღეს დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარე დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერს შეხვდა - როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულო ფორმატში.