22 სექტემბერი 2026,   19:21
ვრცლად
მნიშვნელოვანია რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას, ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ბელგიის პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან, ცოტა ხნის წინ დასრულდა. საუბრის თემა იყო საქართველოში მიმდინარე პროცესები, უსამართლო დამოკიდებულება და დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც გარე აქტორების და შიდა ჯგუფების მონაწილეობით ხორციელდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრები მედიასთან შეაფასა. სპიკერი ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანასა და პარლამენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თანამედროვე ტურბულენტურ სამყაროში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დიალოგისკენ სწრაფვა და საერთო ენის გამონახვა.

"უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგების მოწვევით ვიმყოფებით ბელგიაში და ვსტუმრობთ ბელგიის წარმომადგენელთა პალატას და სენატს, შევხვდით მის პრეზიდენტებს. რა თქმა უნდა, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე გვქონდა საუბარი. ჩვენ ორ პარლამენტს შორის კომიტეტების დონეზეც, მეგობრობის ჯგუფების დონეზეც არსებობს მჭიდრო ურთიერთობა. ბელგიაში ეს ჩემი მეორე ვიზიტია. სხვათა შორის, 2022 წელს პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან, ჩემი პირველივე ოფიციალური ვიზიტი იყო ბელგიაში და გავახსენეთ ის ვიზიტიც.

რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა, რომ დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში, მაშინ როდესაც ძალიან ადვილია მოძებნო საბაბები კონფრონტაციისთვის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დიალოგისკენ სწრაფვა და იმ წერტილების მოძიება, რაც ჩვენ გაგვაერთიანებს და არ გაგვყოფს.

ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაზე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ სამწუხაროდ, 2024 წლის ივნისში ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე - რომ შეეჩერებინათ დიალოგი საქართველოსთან, რაც მიგვაჩნია, რომ იყო მცდარი გადაწყვეტილება - 2024 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება და დღემდე ჩვენ ველოდით ამ დიალოგის აღდგენას. ამიტომ კოლეგებთან გვქონდა ამაზეც საუბარი, რომ მნიშვნელოვანია წევრმა სახელმწიფოებმა იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან და დაარწმუნონ ევროკავშირის ინსტიტუციები, რომ პასუხები არის არა კონფრონტაციაში, დაპირისპირებაში, არამედ პასუხები ყოველთვის არის დიალოგში. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას. ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით და იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან და იმედი გვაქვს, რომ ამაში ჩვენი ბელგიელი კოლეგებიც დაგვეხმარებიან," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები