თბილისის ბაგა-ბაღებში მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. სააგენტოს წარმომადგენლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, ლაბორატორიული შემოწმებისთვის სურსათის შესაბამისი ნიმუშები უკვე აიღეს.
მიმდინარე კვლევებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში სახელმწიფო კონტროლის მნიშვნელობაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ კვერნაძემ ისაუბრა.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა აიღეს სურსათის შესაბამისი ნიმუშები სხვადასხვა მაჩვენებელზე კვლევის მიზნით. მოსახლეობის დაუყოვნებლივ ინფორმირებულობას უზრუნველვყოფთ, როგორც კი კვლევის შედეგები ჩვენთვის ცნობილი გახდება. ბაგა-ბაღებში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფო კონტროლს და აღნიშნული ფაქტის სრულყოფილ შესწავლას," - აცხადებს ვასილ კვერნაძე.
ცნობისთვის, თბილისში მდებარე 20 საჯარო ბაგა-ბაღიდან ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში 55 ბავშვი და 1 აღმზრდელი გადაიყვანეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის მუხლით დაიწყო. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციითა და რისკების დაზღვევის მიზნით, 7 ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია.