ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ნიკა გვარამია, იაგო ხვიჩიას შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. წერილში არის შეურაცხმყოფელი განცხადებაც.
ამჯერად გვარამია ხვიჩიას გიორგი ბარამიძის დაკავების გამო უპირისპირდება. სწორედ, "თავისუფალი ხალხის" პარტიის ლიდერის გადაცემაში თქვა სააკაშვილის თავდაცვის მინისტრმა, რომ ქართველები აფხაზეთში ტყვეებს ხვრეტდნენ. დაუსრულებელ პაექრობას ოპოზიციონერებს შორის უკვე მოჰყვა გამოხმაურებები მმართველ გუნდში.
საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მიმდინარე პროცესი ოპოზიციის თვითლუსტრაციის კიდევ ერთი მაგალითია.
"ერთადერთი უნარი, რაც ამ აგენტურულ ოპოზიციას გააჩნია, ეს არის გაქრობის უნარი და რა თქმა უნდა, ეს რაც უფრო დაჩქარდება და მალე მოხდება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიისათვის. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად აღიარებით ჩვენებებს იძლევიან ეს ადამიანები. ვხედავთ როგორ ვაჭრობენ ყველაფრით და ყველას წინაშე. ფაქტობრივად, მათ ამორალურობის დონეს საზღვარი არ გააჩნია.
ამავდროულად, სწორედ აი ამ მხილებით არის საინტერესო ეს პროცესი, აღარაფერს ვამბობ იმ შეურაცხყოფებზე, მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფებზე, რომელსაც ერთმანეთს ისე აყენებენ, როგორც არაფერი. თან თუ გავიხსენებთ, ეს ადამიანები სულ ცოტა ხნის წინ, ერთმანეთის მზეს ფიცულობდნენ, მაგრამ მაშინაც, როგორც ჩანს, ძალიან ყალბები იყვნენ,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.