ევროკავშირმა სანქციების 21-ე პაკეტში რუსული ენერგეტიკული კომპანია "ინტერ რაო" შეიყვანა. სანქცირების მიზეზი კომპანიის მხრიდან რუსეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერაა, რომელიც უკრაინის დესტაბილიზაციასა და ყირიმის ანექსიაზეა პასუხისმგებელი.
ენერგოკომპანიას საქართველოში რამდენიმე აქტივი აქვს. "ინტერ რაო ეესი" ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელია, რომელსაც ეკუთვნის "თელასის" და "თელმიკოს" აქციები. კომპანიის საკუთრებაშია „ხრამი 1“-ისა და „ხრამი 2“-ის ჰიდროელექტროსადგურები.
"ქართულ ოცნებაში" წინა ხელისუფლების ნაბიჯებს ანტისახელმწიფოებრივს და მოღალატეობრივს უწოდებენ. იხსენებენ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთზე გასხვისებულ სტრატეგიულ ობიექტებს, რაც ქვეყანას პრობლემებს დღემდე უქმნის.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეც. ნინო წილოსანის განცხადებით, ეს საკითხი "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი მმართველობის კიდევ ერთი მაგალითია.
"ეს "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი მმართველობის კიდევ ერთი მაგალითია. როდესაც სტრატეგიულ ობიექტებს გადასცემდნენ ოკუპანტს, მაშინაც ძალიან კარგად იცოდნენ თუ რამხელა ნაღმისა და საფრთხის მატარებელი იყო ეს ყველაფერი, ამიტომ, ეს ნაღმები პერიოდულად ფეთქდება-ხოლმე.
"ინტერ რაოს" დასანქცირება არის საკითხი, რომელსაც სახელმწიფო განსაკუთრებული ყურადღებით უდგება. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც სხვა შემთხვევაში, ახლაც საზოგადოებას დავიცავთ ამ რისკებისგან.
თუმცა "ნაციონალურ მოძრაობასა" და მათ ტელევიზიებს არავითარი მორალური უფლება აქვთ ისაუბრონ და ვითომ ინერვიულონ "ინტერ რაოს" დასანქცირებაზე. ვითომ ნერვიულობენ ჩვენი საზოგადოების რისკებზე", - განაცხადა ნინო წილოსანმა.