18 ივლისი 2026,   01:38
ვრცლად
მარიამ ქვრივიშვილი: შანხაიში მიმდინარე ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით

"საქართველო პირველად მონაწილეობს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში, რომელიც შანხაიში იმართება. ღონისძიებაში საქართველოსთან ერთად უპრეცედენტო რაოდენობის, 100-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

შანხაიში მიმდინარე "ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენცია და ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრა" ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გახსნა.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ღონისძიების მონაწილე ქვეყნების დელეგაციებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ ხელოვნური ინტელექტის სფეროში არსებულ მნიშვნელოვან მიღწევებს.

"ღონისძიების ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ადგილზე გავცნობოდით იმ მნიშვნელოვან მიღწევებს, რომელიც ადგილობრივ, ისევე როგორც საერთაშორისო კომპანიებს აქვთ უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და როგორ ხდება მისი გამოყენება, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ეკონომიკაში," - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, შანხაიში შეკრებილი სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობას მიიღებენ "ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის მაღალი დონის შეხვედრაში".

"სესიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ვისაუბრებთ საქართველოს მიდგომებზე და ხედვაზე ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დღის ამბები