რუსთაველის თეატრში თურქმენეთის კულტურის დღეები საზეიმოდ გაიხსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ბაჰარ სეიდოვამ.
"თურქმენეთის პრეზიდენტისა და დელეგაციის წევრების საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დედაქალაქი თურქმენეთის კულტურის დღეებს მასპინძლობს. დამსწრე საზოგადოებამ რუსთაველის ეროვნულ თეატრში წარმოდგენილი კულტურული პროგრამა დიდი ინტერესით მიიღო. საღამოზე შესრულდა როგორც პროფესიული, ისე ხალხური შემოქმედება. საქართველოში თურქმენეთის კულტურის დღეები გრძელდება. ვფიქრობ, ქართველ და თურქმენ ხელოვანებს შორის სხვადასხვა მიმართულებით არაერთი საინტერესო თანამშრომლობა განხორციელდება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
კულტურული პროგრამა მოიცავდა ლიტერატურულ, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ თურქმენეთის სახალხო და დამსახურებული არტისტები, მუსიკოს-შემსრულებლები და ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი "მირასი". რუსთაველის თეატრის ფოიეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თურქმენ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, თურქმენეთის დელეგაციის წევრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.