მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" რეფორმატორთა საბჭოს შექმნას და პარტიის თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას გეგმავს, რასაც პარტიაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ივლისის ბოლოს დაგეგმილ ყრილობაზე სწორედ აღნიშნულ საორგანიზაციო საკითხებს განიხილავენ.
დაანონსებულ სტრუქტურულ ცვლილებებსა და თავმჯდომარის პოსტის შესაძლო გაუქმებაზე პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ თინათინ ბოკუჩავამ ისაუბრა.
"საუბარია პარტიის თავმჯდომარის პოსტის საერთოდ გაუქმებაზე და რაღაც კოლექტიური მმართველობის ორგანოს დაფუძნებაზე. აქ ერთი ნიუანსია, რასაც ასევე პრეზიდენტი სააკაშვილი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი მოითხოვს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა ჰყავდეს მმართველი პირი, ხელმძღვანელი პირი. სახალხო ლიდერებს რა ქმნის? სიტყვები არ ქმნის და არც საკუთარი თავისთვის სახალხოს ან არასახალხოს დარქმევა - სახალხო ლიდერებს ქმნის ხალხი და ხალხის ნების გამოხატვის ინსტრუმენტი არის არჩევნები, დემოკრატიაში ყოველ შემთხვევაში, თორემ ასე ხელდასხმით შეიძლება ბევრი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი იქნება ეს რეფორმატორთა საბჭო და მისი აღმასრულებელი მდივანი თუ ა.შ. უპრიანი იქნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილებებიც სწორედ დემოკრატიული, პირდაპირი არჩევნებით ყოფილიყო მიღებული", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.