26 ივნისი 2026,   18:45
ვრცლად
პრემიერი: 2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, მუშაობა მიმდინარეობს გაზიფიკაციის საკითხზეც, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი 2012 წელს იყო 37.8%, 2024 წელს გაიზარდა 98.8%-მდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100%

2027 წლისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი იქნება დაფარული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მუშაობა მიმდინარეობს გაზიფიკაციის საკითხთან დაკავშირებითაც და უახლოეს მომავალში დაზუსტდება შესაბამისი სოფლების ნუსხა და განხორციელდება გაზიფიკაცია უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში. 

"რაც შეეხება წყალმომარაგებას, 2027 წლისთვის იქნება დაფარული წყალმომარაგებით, უწყვეტი წყალმომარაგებით 48 ქალაქი, ყველა ის ქალაქი, რომელიც შედის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის ზონაში. აქ არ შედის რამდენიმე დიდი ქალაქი, აჭარის მუნიციპალური ცენტრები. 48-ვე ქალაქი იქნება დაფარული 2027 წლის ბოლოსთვის. 

რაც შეეხება გაზიფიკაციას, ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა, რომ საბოლოოდ გავიაროთ იმ სოფლების ნუსხა, სადაც მიზანშეწონილია გაზის შეყვანა და აქ, რა თქმა უნდა, კრიტერიუმი იქნება ხარჯეფექტიანობა, დანახარჯის და ეფექტის თანაფარდობა და ა.შ. აუცილებლად უახლოეს მომავალში დაზუსტდება შესაბამისი სოფლების ნუსხა და სადაც მიიღება გადაწყვეტილება, იქ ყველგან განხორციელდება გაზიფიკაცია უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს გეგმაც მოგვიანებით დაზუსტდება. 

და რაც შეეხება ინტერნეტიზაციას, 2012 წელს ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი იყო 37.8 პროცენტი. უკვე 2024 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 98.8 პროცენტამდე და 2027 წლისთვის დაფარვის მაჩვენებელი იქნება 100 პროცენტი, ანუ 2027 წელს იქნება უზრუნველყოფილი სრული დაფარვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები