14 ივნისი 2026,   23:09
ვრცლად
ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე და მუნდიალის ისტორია

ვიხსენებთ იმ ქართველ ფეხბურთლებს, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატში მიუღიათ მონაწილეობა. მართალია მაშინ ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო სცენაზე საბჭოთა კავშირის დროშით გადიოდნენ, მაგრამ ქართველი გულშემატკივარი მათ მაინც გამორჩეულად ქომაგობდა.

როგორია მუნდიალის 100 წლიანი ისტორია

1970 წელს, მექსიკის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მყოფი კახი ასათიანი გახდა მსოფლიოში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მოედანზე ყვითელი ბარათი მიიღო. სწორედ ამ დროიდან იწყება ფეხბურთში სანქციის სახით ყვითელი და წითელი ბარათების გამოყენება.

რევაზ ძოძუაშვილიც მათ შორის იყო, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის 22-კაციან განაცხადში მოხვდა და სპორტულ სამყაროში ყველაზე დიდი დღესასწაულის უშუალო მონაწილე გახდა. ახლა მუნდიალს თვალს "რუსთავი 2-ზე" ადევნებს და ამბობს, რომ ჯერ გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს.

ვეტერანი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე უკვე წლებია ახალგაზრდა თაობას ზრდის. სპორტულ ტაქტიკასთან და ფიზიკურ მომზადებასთან ერთად, ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს. უყვება იმაზე, თუ როგორ შედგა პირველად ფეხი მსოფლიო ჩემპიონატზე. მრავალწლიან წარმატებულ კარიერაში, ერთადერთი, რაზეც გული წყდება, ისაა, რომ საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში ვერ შეძლო.

ესპანეთში, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დღემდე რჩება იმ ტურნირად, სადაც ქართული ფეხბურთი ყველაზე მასშტაბურად იყო წარმოდგენილი. საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე იყო, გუნდში თამაშობდნენ თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია და რამაზ შენგელია - ფეხბურთელები, რომლებიც ერთი წლით ადრე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ევროპის თასების მფლობელთა თასს დაეუფლნენ.

1962 წლიდან 1982 წლამდე, მუნდიალზე სულ 14 ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობდა - სხვადასხვა დროს, საბჭოთა კავშირის განაცხადში იყვნენ მიხეილ მესხი, გივი ჩოხელი, სერგო კოტრიკაძე, სლავა მეტრეველი, მურთაზ ხურცილავა, ანზორ კავაზაშვილი, რევაზ ძოძუაშვილი, კახი ასათიანი, გივი ნოდია, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, ვიტალი დარასელია და რამაზ შენგელია.

დღის ამბები