06 აგვისტო 2026,   14:01
ვრცლად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სისტემაში შემავალ უწყებებთან ერთად, 26 მაისს საზეიმო ღონისძიებებში აქტიურად იქნება წარმოდგენილი - თამარ იოსელიანი​

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, სამინისტრო მის სისტემაში შემავალ უწყებებთან ერთად, ტრადიციულად აქტიურად იქნება წარმოდგენილი საზეიმო ღონისძიებებში.  

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მის სისტემაში შემავალ უწყებებთან ერთად, ტრადიციულად აქტიურად იქნება წარმოდგენილი საზეიმო ღონისძიებებში. ჩვენ ვიქნებით როგორც თელავში, ასევე ქუთაისში, ამბროლაურსა და ფოთში და ჩვენ შევძლებთ, რომ წარმოვადგინოთ შესაბამისი მრავალფეროვანი სივრცეები, სადაც მოქალაქეებსა და სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ როგორც ტრანსპორტის, მათ შორის ავიაციისა და საზღვაო სექტორების, ასევე ტურიზმის, ენერგეტიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით საინტერესო შემეცნებით და გასართობ აქტივობებს," - აცხადებს თამარ იოსელიანი.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაურმა კი აღნიშნა, რომ ყველა ღონისძიება ისეა დაგეგმილი, რომ ნებისმიერმა სტუმარმა თავი იგრძნოს არა მხოლოდ დამთვალიერებლად, არამედ ყველა ღონისძიების აქტიურ მონაწილედ. 

დღეს დილიდან, თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად რეპეტიციას გადიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეკრუტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ. თბილისის გარდა, წვევამდელები ფიცს საზეიმოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12-ტ ისტორიულ ადგილას დადებენ. 26-ს მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება. დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე ფიცის დადებისა და საზეიმო ღონისძიების დასასრულს, საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.

 

დღის ამბები