მწუხრის და ცისკრის ლოცვები სამების საკათედრო ტაძარში - საღამოს მსახურება საქართველოს ახალმა პატრიარქმა, შიო III-მ შეასრულა.
ამ წუთებში, სამებაში ხვალინდელი დღისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. წელს 17 მაისი პირველად ჩაივლის ილია მეორის გარეშე, რომელმაც ეს დღესასწაული - ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე 12 წლის წინ დააარსა.
ტრადიციას შიო მესამე გააგრძელებს. ახლად არჩეული პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში პირველ წირვას ჩაატარებს. სადღესასწაულო მსახურებას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები და მაღალი რანგის სასულიერო პირები დაესწრებიან. წირვის შემდეგ, ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობაში, სასულიერო პირებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ რიგითი მოქალაქეები, სხვადასხვა ტაძრის მრევლი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღსანიშნავად, შეკრება საქართველოს 10 დიდ ქალაქში დილის 10:00 საათიდან დაიწყება. თბილისში, დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე შეიზღუდება.