პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა, დანიის ხელისუფლების ორმაგ სტანდარტებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს, ისინი საქართველოს ხელისუფლებას არადემოკრატიული ქმედებებისთვის აკრიტიკებდნენ, თავად კი, საკუთარ ქვეყანაში, დემონსტრანტებს სასტიკად გაუსწორდნენ.
"დანიის სახელისუფლებო წრეებისაგან ჩვენ გვახსოვს გაუთავებელი კრიტიკა და შეურაცხმყოფელი განცხადებების ციკლი, როდესაც საუბარი ეხებოდა გამჭვირვალობის შესახებ კანონს და სახელმწიფოებრივი წესრიგის დაცვას, სახელმწიფო ინსტიტუტების შენარჩუნებას. გახსოვთ, მაშინ რა განცხადებებით გამოირჩეოდნენ და ახლა ჩვენი თვალით ვიხილეთ და არამხოლოდ ჩვენ - მთელმა მსოფლიომ, როგორ დაერივნენ მომიტინგეებს და პოლიციელებმა რა გააკეთეს. მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია - როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს, თურმე, საქართველოში, ჩვენ უნდა მივუშვათ ყველაფერი, ჩვენს თვალწინ უნდა ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანა გაეხვეს ქაოსში - აი, ასეთი მიდგომა ჰქონდათ და ორმაგი სტანდარტი კი არა, კიდევ უფრო მეტია, ჩემი აზრით, ეს," - განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.
ავლენს თუ არა კოპენჰაგენი ორმაგ სტანდარტს, როცა დანია აკრიტიკებს ქართულ დემოკრატიას და ქართველ სამართალდამცავებს, საკუთარ ქვეყანაში კი მომიტინგეებს სასტიკად უსწორდება, აკავებს და გამოხატვის თავისუფლებას უკრძალავს - ამ კითხვაზე პასუხს "რუსთავი 2" დანიის საელჩოსგან ამ დრომდე ელოდება.
13 მაისს, დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ გადამეტებული ძალა გამოიყენა, 20-მდე მოქალაქე დააკავა, ათეულობით კი დაშავდა. ადგილობრივი მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, ხელკეტებითა და გაწვრთნილი ძაღლებით, როგორ გაუსწორდა პოლიცია აქტივისტებს, მათ შორის, პრესის წარმომადგენლებს. ამ დროს, დემონსტრანტები დანიის ხელისუფლების მხრიდან, ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვაში დახმარებას აპროტესტებდნენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე