საფრანგეთის რივიერა, ვარსკვლავური ხალიჩა, 22 ფილმი და 12 დღე - კანმა 79-ე საერთაშორისო კინომარათონს კარი ოფიციალურად გაუხსნა.
წლევანდელი ფესტივალის მთავარი პოსტერი არის კადრი ფილმიდან Thelma & Louise, სადაც სიუზან სარანდონი და ჯინა დევისი ღია მანქანაში სხედან. ფილმის პრემიერიდან 35 წლის შემდეგ, ფესტივალმა ეს სცენა სიმბოლურად აირჩია, როგორც თავისუფლებისა და ქალთა დამოუკიდებლობის სიმბოლო.
კინოფესტივალი ოფიციალურად 12 მაისს, ჟიურის პრესკონფერენციით გაიხსნა. გადაწყვეტილებების მიმღებ გუნდს სათავეში სამხრეთ კორეელი რეჟისორი პარკ ჩან-ვუკი უდგას. ეს პირველი შემთხვევაა კანის ისტორიაში, როდესაც ჟიურის თავმჯდომარე კორეელი კინემატოგრაფისტია.
მასთან ერთად პასუხისმგებლობას დემი მური და და ოსკაროსანი ქლოე ჟაო ინაწილებენ.
ფესტივალის გახსნის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი პეტერ ჯექსონისთვის საპატიო "ოქროს პალმის რტოს" გადაცემა იყო.
The Lord of the Rings-ის რეჟისორმა ჯილდო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო. "ოქროს პალმა" მას ელაიჯა ვუდმა გადასცა, რომელმაც სცენაზე განაცხადა, რომ ჯექსონმა "ფენტეზის ჟანრი სამუდამოდ შეცვალა".
კინოჩვენებები ფრანგი რეჟისორის, პიერ სალვადორის რომანტიკული კომედიით "ელექტრონული კოცნით" გაიხსნა.
პრემიერა ფესტივალების სასახლეში გაიმართა და სწორედ ამ საღამოს გამოჩნდნენ მსოფლიო კინოს ყველაზე ცნობილი სახეები წითელ ხალიჩაზე.
წლევანდელი ფესტივალის მთავარი ფიგურა მედრო ალმადოვარია. ესპანური კინოს კლასიკოსი კანში ახალი ნამუშევრით "მწარე შობით" დაბრუნდა.
მიუხედავად იმისა, რომ კანის კინოფესტივალს ალმოდოვარი ძალიან უყვარს, მის ფილმს "ოქროს პალმის რტო" ჯერ არ აუღია.
გამარჯვებისთვის იბრძვის ირანელი რეჟისორი ასხარ ფაჰადი თავისი ახალი ფრანგულენოვანი პროექტით "პარალელური ისტორიები". პარიზში განვითარებულ ისტორიაში მაყურებელი ისეთ ვარსკვლავებს იხილავს, როგორებიც იზაბელ იუპერი ვენსან კასელი არიან.
ჯილდოს მოსაპოვებლად სკარლეტ იოჯანსონისა და ადამ დრაივერის მონაწილეობით გადაღებული ჯეიმს გრეის კრიმინალური დრამა "ქაღალდის ვეფხვი" და სამხრეთ კორეელი რეჟისორის, ნა ჰონგ-ჯინის მისტიკური თრილერი "იმედი" იბრძვის, რომელშიც მთავარ როლს მაილ, ფასბენდერი ასრულებს.
ვინ გახდება წლევანდელი ტრიუმფატორი და ვის ხელში აღმოჩნდება "ოქროს პალმის რტო" - 23 მაისს გახდება ცნობილი.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი