ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა საზოგადოებას ხელისუფლებისადმი კრიტიკულს ხდის. ეს განცხადება ექს გენერალურმა პროკურორმა ერთ-ერთ youtube პოდკასტში გააკეთა. გვარამია ღიად ამბობს, რომ ფინანსურად ძლიერი ადამიანი მომთხოვნი ხდება, მარტივად სამართავი კი ის საზოგადოებაა, რომელიც ეკონომიკურად არამყარია და ხელისუფლებასთან პრეტენციებიც არ აქვს.
ნიკა გვარამიას სიტყვებმა მმართველ გუნდს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა გაახსენა. როცა ეკონომიკურ ზრდაზე მაღლა, "ქართული ოცნების" თქმით, მაშინდელი მთავრობა საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს აყენებდა, საზოგადოების კეთილდღეობის ნაცვლად კი ძალაუფლების ხანგრძლივად შენარჩუნებაზე ფიქრობდა.
ყოფილი "ნაციონალის" განცხადებას იზიარებს მოქმედი. ირაკლი ფავლენიშვილიც ამბობს, რომ ღარიბ ადამიანს პოლიტიკურ თემებზე კონცენტრაცია არ შეუძლია. გახარიას გუნდისთვის კი ძველი და ახალი "ნაციონალების" ეს ლოგიკა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა არც წარსულში აინტერესებდათ და არც ახლა.
ნიკა გვარამიას განცხადება, მმართველი გუნდისთვის "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური სტრატეგიის ლუსტრაციაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სააკაშვილის მთავრობის მიზანი საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობა არასდროს ყოფილა, რადგან წინა ხელისუფლებაში მიაჩნდათ, რომ ღარიბი ადამიანების მართვა უფრო მარტივია.
ამჟამინდელი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი კი, სახელისუფლებო გუნდის თქმით, ეკონომიკური ზრდა და კორუფციასთან ბრძოლაა. ამის დასტური კი საერთაშორისო კვლევები და კორუფციის წინააღმდეგ სამართალდამცავი უწყებების უკომპრომისო ბრძოლაა.
ხელფასების მატება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალი ინფრასტრუქტურა, ძლიერი ჯანდაცვა და გაზრდილი ბიუჯეტი - პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სწორედ ეკონომიკური ზრდა განსაზღვრავს ქვეყნის სიძლიერეს. მთავრობის მეთაურის თქმით, ფინანსურ კეთილდღეობასთან ერთად, საზოგადოების თვითშეგნება და უწყებების მიმართ ნდობაც იზრდება.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ მაღალჩინოსანს და ამჟამად "ახლების" ლიდერ ნიკა გვარამიას, დღეს მმართველი გუნდიდან კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის თუ როდის ემსახურება ხელისუფლება ხალს და ქვეყნის ინტერესებს.
ავტორი: ნანა გოგატაძე