05 აგვისტო 2026,   04:10
ვრცლად
თავდასხმა ქართულ მედიაზე, უარი აკრედიტაციებზე და თავის მართლების მცდელობა - 3 ფაქტობრივი შეცდომა, რომლითაც მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელი ლიდერების წინაშე წარსდგა

კიშინიოვმა შერჩევითი მიდგომა გამოიყენა და "რუსთავი 2-ს," "იმედსა" და "POSTV-ის" მაღალი დონის მინისტერიალის გაშუქების უფლება არ მისცა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობს. მოლდოვის დიპლომატიურმა უწყებამ ქართულ მედიას აკრედიტაციაზე უარი დეტალური განმარტების გარეშე უთხრა.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, სანდუს მთავრობამ არც ჩვენს შეკითხვას უპასუხა: რა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული არხი. მედიის შეზღუდვის მორიგ მცდელობაზე კი დღეს ქართველმა დიპლომატმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ევროპელი ლიდერების წინაშე ისაუბრა.

მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლას, მოლდოველი კოლეგის პასუხი მოჰყვა, რომელშიც 3 ფაქტობრივი შეცდომა იკვეთება. მიხაი პოპშოი ევროპელი ლიდერების წინაშე თავს იმართლებდა და ამტკიცებდა, რომ გაწყვეტილების მიზეზი ევროსაბჭოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ 3 ტელევიზიისთვის დაწესებული სანქციები გახდა. პირველი - პოპშოის გამორჩა, რომ "რუსთავი 2" არცერთი სახელმწიფოს მიერ არ არის სანქცირებული. მეორე - "იმედი" და "POSTV" არა რამდენიმე, არამედ ერთი ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული. და მესამე - მინისტერიალის შიდაგანაწესი არ კრძალავს ღონისძიებაზე იმ მედიის დასწრებას, რომელსაც რომელიმე სხვა წევრი ქვეყანა ასანქცირებს.

კიშინიოვის პარალელურად, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ ორკესტრირებულ სადამსჯელო კამპანიაში ევროპარლამენტიც ჩაერთო. პოლიტიკოსებმა - დარიუშ კამინსკიმ და მალგოჟატა გოშევსკამ, რომლებიც პოლონეთში არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულში არიან მხილებულნი და დღესაც სასამართლოს განაჩენს ელოდებიან, ქართული მედიის მიმართ შემზღუდავი მექანიზმების ამოქმედება მოითხოვეს. ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით აეკრძალა ტელეკომპანია "იმედს."

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პოლიტიკოსების გააქტიურებას და პროცესში მოლდოვის მთავრობის ჩართვას, ოფიციალური თბილისი საბჭოთა ხელწერას უწოდებს. დღეს მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ მედიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მთავარი მიზანი, საქართველოზე გავლენის მოხდენაა.

გაირკვა ისიც, რომ ევროპელ პოლიტიკოსებს დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მიღებაში ქართველებიც ეხმარებიან. ელენე მეტრეველი, რომელიც სააკაშვილის პოლიტიკური ოჯახის, ევროპის სახალხო პარტიის მრჩეველი და მსჯავრდებული პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრია, აცხადებს, რომ კონკრეტული მედიისთვის მუშაობის შეზღუდვა მისი დამსახურებაა.

მეტრეველთან კავშირს არც "ნაციონალურ მოძრაობაში" მალავენ. სააკაშვილის პარტიაში ნიშნის მოგებით ჟურნალისტებს იმასაც ეუბნებიან, რომ მოსალოდნელი შედეგის შესახებ ტელევიზიებს დიდხანს აფრთხილებდნენ. ეს კი ლოგიკურ ეჭვს აჩენს, რომ სანქციებისა და შეზღუდვების ინიციირების შესახებ ოპოზიციაში ინფორმაცია დიდი ხნით ადრე ჰქონდათ.

დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმას საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მცდელობად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ დღევანდელი ევრობიუროკრატიის მთავარი მიზანი თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია სააკაშვილის მხარდამჭერმა, რასა იუკნევიჩიენემ დააინიცირა. დამოუკიდებელი ქართული ტელეარხების წინააღმდეგ შემზღუდავი მექანიზმების ამოქმედებას კი ის პირები ითხოვენ, რომელთაც საკუთარ ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმეების გამო პოლიტიკური საქმიანობის უფლება აღარ აქვთ, ან უბრალოდ, ხალხის მანდატით ვეღარ სარგებლობენ.

დღის ამბები