ქრთამის სახით 10 000 დოლარი ორ შეკვრად საჯარო მოხელემ, დანაშაულზე თვალის დახუჭვისა და მფარველობის დაპირების სანაცვლოდ აიღო. კორუფციის დამადასტურებელი ვიდეო ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.
კორუფციის სქემა ფინანსურმა პოლიციამ გაშიფრა. გამოძიებით დადგინდა, რომ მერის წარმომადგენელი 10 000 დოლარის სანაცვლოდ, პირს სახელმწიფოს მიწის ნაკვეთზე საკემპინგე სივრცის მოწყობაში მფარველობას დაჰპირდა. საჯარო მოხელეს ქრთამის აღებაში შუამავალი ეხმარებოდა.
დანაშაულის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულების გადაღების შემდეგ, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა ხელბორკილები კიდევ ერთ საჯარო მოხელეს დაადეს. კორუფციის ბრალდებით, სამართალდამცველებმა სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი დააკავეს, რომელიც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, 1 000 ლარად ყალბ ცნობებს ამზადებდა.
კორუფციაში მხილებულ სამივე პირს ბრალის ოფიციალური დადგენილება უკვე გააცნეს. პროკურატურა მათ დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქრთამის აღებაში დახმარებას ედავება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კორუფციის არაერთი ფაქტი უკვე გამოავლინა. საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ამ მიმართულებით უწყების პოლიტიკა მკაცრია და ნებისმიერ გადაცდომა სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დარჩება.
კორუფციის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულთა ნაწილს 9, ნაწილს კი 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ავტორი: ნანა გოგატაძე