"ეარ ფორსის" თვითმფრინავი პეკინში დაეშვა.
ბორტიდან გადმოსვლისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ოფიციალური პირები და საპატიო ყარაული დახვდნენ. ცერემონიაში ასევე ორკესტრი და ათეულობით ახალგაზრდა მონაწილეობდა, რომელთაც ჩინეთისა და აშშ-ის სახელმწიფო დროშები ეჭირათ.
ჩინეთში დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტი სამი დღე გაგრძელდება. დაგეგმილია ჩინელ კოლეგასთან სი ძინ პინთან მოლაპარაკებები. ამერიკულ დელეგაციაში, პრეზიდენტთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები არიან.
მთავარ განსახილველ საკითხებს შორის სახელდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ირანის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და თანამშრომლობა მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის ბოლო ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში 2017 წლის ნოემბერში, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში შედგა.