ახალი ეპოქის დასაწყისი - სამების საკათედრო ტაძარი ისტორიული მოვლენის მასპინძელია. პატრიარქ ილია მეორის კურთხევით აშენებულ ტაძარში, სულ რამდენიმე საათში საპატრიარქო ტახტის ახალ მემკვიდრეს აირჩევენ.
მოსაყდრე მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი - საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალიური სამოციქულო ეკლესიის ისტორიის ახალ ფურცელს ერთ-ერთი მათგანი გადაშლის.
საეკლესიო კრება სამებაში 11 მაისს, 13:00 საათზე დაიწყება. სამების ტაძარში საეკლესიო კრებისთვის რამდენიმე დღეა ემზადებიან.
გაფართოებული კრების პროტოკოლით, საარჩევნო პროცესს მეუფეებით დაკომპლექტებული კომისიები გაუძღვებიან. კრებას პატრიარქ ილია მეორეს მოსაყდრე შიო გახსნის.
მე-14 გაფართოებული საეკლესიო კრება ისტორიაში ყველაზე წარმომადგენლობითი იქნება - პატრიარქის არჩევის პროცესს ეპარქიებიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან მოწვეული 1200 სტუმარი დაესწრება.
სანამ ეპისკოპოსები არჩევანს გააკეთებენ, პატრიარქობის კანდიდატებს და დელეგატების ნაწილს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა ექნება.
ამის შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა. თუ პატრიარქობის კანდიდატი 39 ეპისკოპოსის მინიმუმ 20 ხმას დააგროვებს, გამარჯვებულად ჩაითვლება. ხმების სხვაგვარი გადანაწილების შემთხვევაში, ხელახალი კენჭისყრა ჩატარდება.
კრება დახურული იქნება. მხოლოდ გახსნის და კენჭისყრის პროცესი, ასევე, არჩევნების შედეგების გამოცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა. საქართველოს ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მოვლენას ვიდეოფირზე სრულად ასახავენ.
არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია ტრადიციულად სვეტიცხოველში ჩატარდება - აღსაყდრების ცერემონიას მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიებიდან მოწვეული დელეგაციები დაესწრებიან.
ახალ პატრიარქს ყველა ის ტიტული გადაეცემა, რასაც ილია მეორე ატარებდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ამავდროულად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი იქნება.