აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და რომის პაპი, ლეო XIV ვატიკანში ერთმანეთს შეხვდნენ. ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიომ და ლეო XIV-მ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და დასავლეთ ნახევარსფეროში, ორმხრივი ინტერესის საკითხები განიხილეს.
"შეხვედრამ ხაზი გაესვა შეერთებულ შტატებსა და წმინდა ტახტს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობას. ასევე, მათ საერთო ერთგულებას მშვიდობისა და ადამიანური ღირსების ხელშეწყობის მიმართ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
CNN-ი ადგილზე მყოფ ჟურნალისტებზე დაყრდნობით წერს, რომ რუბიომ სამოციქულო სასახლეში ორ საათზე მეტი გაატარა. უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდა მისი შეხვედრა პაპთან; ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრები ვატიკანის სხვა ოფიციალურ პირებთან.