აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ხვალ აირჩევენ. ამ პოსტზე პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა.
დღეს კომიტეტების გაერთიანებული სხდომები ტარდება, დეპუტატები კანდიდატის სამომავლო გეგმებსა და სამთავრობო პროგრამას უსმენენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ზურაბ პატარაძემ სხდომაზე დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2026-2028 წლებში ბულვარის მოვლა/შენახვისთვის 61.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
"2026-2028 წლებში ბულვარის მოვლა/შენახვისთვის დაიხარჯება 61.5 მილიონი ლარი, რაც მოიცავს სავარჯიშო და საბავშვო მოედნების, მწვანე სივრცეებისა და საბაღე ინფრასტრუქტურის განახლებას.
ეს ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს ვიზიტორების ზრდას და 2028 წლისთვის გვაქვს მოლოდინი, რომ 40-დან 50%-მდე გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა.
2026-2028 წლებში აჭარის მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 100 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯება. ეს შთამბეჭდავი ციფრია და ვფიქრობ, საყურადღებოა.
იგეგმება საერთაშორისო, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის გახსნა, ქობულეთის სპორტული კომპლექსი, თავის საცურაო აუზით, ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის რეაბილიტაცია, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა და საფეხბურთო სტადიონი, ქობულეთისა და შუა ხევის მუნიციპალიტეტებში რაგბის მოედნები, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც უნდა აშენდეს არის ბათუმის თანამედროვე სტანდარტების ჭადრაკის სასახლე", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.