დაავადების სამკურნალო პრეპარატებზე კვლევები გრძელდება, თუმცა მეცნიერებს ამ დრომდე არ აქვთ შექმნილი მედიკამენტი, რომელიც დიუშენის სინდრომს სრულად განკურნავს. საქართველოში სწორედ იმ პრეპარატების შემოტანას ითხოვენ, რომელიც ჯერ კიდევ ექსპერიმენტის ეტაპებს გადის, ეს მედიკამენტი "ელევიდისია". ჯანდაცვის მინისტრმა დღეს სპეციალურ ბრიფინგზე, ადრესატებს პასუხი, საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით გასცა. ირკვევა, რომ ევროპის წამლის სააგენტომ პრეპარატის ავტორიზაციაზე უარი განაცხადა და კლინიკური კვლევებიც შეაჩერა. მიზეზად მედიკამენტის არაეფექტურობა დასახელდა. მეტიც აშშ-ის წამლების სააგენტომ მწარმოებელს პროდუქციის რეალიზაციის შეწყვეტაც კი მოსთხოვა. მიზეზი, სამი პაციენტის გარდაცვალება გახდა.
გამოქვეყნებული ანგარიშების და კვლევების არ სჯერათ დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს. პოზიციები უცვლელია, ისინი მკურნალობის პროცესში საცდელი პრეპარატების ჩართვას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მოსალოდნელ რისკებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ.
სახელმწიფო კი საერთაშორისო კვლევებს და გამოცდილებას ეყრდნობა. ჯანდაცვის სისტემა მკურნალობის პროცესში უსაფრთხოების რისკებს მინიმუმამდე აზღვევს. მკურნალობის პროტოკოლიც პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრომ მიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ფართოვდება. შესაბამისი განკარგულება უკვე მთავრობის ადმინისტრაციაშია გადაგზავნილი.
სიახლეს მიესალმებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. მედიკოსები ფიქრობენ, რომ სრულფასოვან და კომპლექსურ კვლევებს ისეთი დაავადების მართვის პროცესში, როგორიც დიუშნეის სინდრომია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კონკრეტული პრეპარატების გამოყენების შესახებ კი გადაწყვეტილება საბოლოო მეცნიერული დასკვნების შემდეგ უნდა იყოს მიღებული.
საქართველოს მსგავსად საცდელი პრეპარატების გამოყენებას განსაკუთრებული სიფრთხილით უყურებენ ევროპის ქვეყნები. ასეთია მაგალითად საფრანგეთი. ფრანგულმა მარეგულირებელმა არ დაუშვა მკურნალობის პროცესში კიდევე ერთი პრეპარატის გამოყენება. ეს მედიკამენტი "ჯივინოსტატია". მიზეზად ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა წამლის გვერდითი მოვლენები და არაეფექტურობა დაასახელა. პარალელურად, დაფიქსირდა ლეტალობის სამი შემთხვევაც. საკითხზე ბრიტანულმა მარეგულირებელმა მოკვლევა უკვე დაიწყო.
საქართველოს მსგავსად, ამ დრომდე, ექსპერიმენტული პრეპარატების გამოყენებისგან თავს იკავებენ ნორვეგია ლუქსემბურგი და სხვა ევროპის წამყვანი ჯანდაცვის სისტემები.
დიუშენის სინდრომი მძიმე გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად პროგრესირებს. მსოფლიოში დაავადებას 300 000 მდე ადამიანი ებრძვის. საქართველოში ეს სინდრომი 100 მდე მოზარდს აქვს.