დაკავებულია 1 პირი - 1959 წელს დაბადებული ვ.შ. რომელიც დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის, არჩილ ნიკოლეიშვილის განცხადებით, ვ.შ.-მ დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს, რაშიც თაღლითურად დაეუფლა 100 000 ლარზე მეტს.
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა 1959 წლის 25 ივნისს დაბადებული ერთი პირი - ვ. შ. რომელიც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში.
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირმა დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს და თაღლითურად დაეუფლა ჯამში 100 000 ლარზე მეტ თანხას.
ვ. შ.- ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა 6168,50 ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 105 000 აშშ დოლარი, 50 000 ლარი და ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანა დაფასოებული სახით.
დაკავებულ პირთან და მის თანამზრახველებთან, კანონით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელია გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ იქნება უკომპრომისო და იმოქმედებს კანონის სრული სიმკაცრით", - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.