"კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ სლოვენიელ პუბლიცისტთან და მკვლევართან - იგორ ომერზასთან, რომელიც უკვე 20 წელია ევროკომისარ მარტა კოსის საიდუმლო წარსულს იკვლევს.
მკვლევრის განცხადებით, სლოვენიის არქივებში ნაპოვნი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ევროკომისარი საიდუმლო პოლიციასთან, "უდბასთან" თანამშრომლობდა და გერმანიაში მუშაობისას დოიჩე ველეზე და მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტელევიზიაზე სისტემატურად აწვდიდა.
ბატონო იგორ, თქვენ ამბობთ, რომ ევროკომისარ მარტა კოსს საიდუმლო წარსული აქვს. კონკრეტულად, რაზე დაყრდნობით აკეთებთ ამ განცხადებას, მაშინ როცა მან ოფიციალურად ყველაფერი უარყო?
"კომისრად დანიშვნისას მარტა კოსს მართლაც ბევრი კითხვა დაუსვეს საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობის შესახებ, თუმცა მან ყველაფერი უარყო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გარკვეული ეჭვები, ის მაინც დაამტკიცეს პოზიციაზე. ამის შემდეგ, მე სლოვენიის არქივებში ვიპოვე "უდბას", ანუ საიდუმლო პოლიციის უნიკალური მასალები. მართალია, ეს არქივი 90%-ით განადგურებულია, მაგრამ მე მაინც მივაკვლიე 10 დოკუმენტს, რომელიც მას საიდუმლო პოლიციასთან აკავშირებს".
რა სტატუსი ჰქონდა მას ამ დოკუმენტების მიხედვით? მარტა კოსი იყო უბრალო ინფორმატორი თუ სერიოზული ფიგურა ამ ჯაშუშურ ქსელში?
"დავადგინე, მისი საიდუმლო ნომერი და კოდური სახელი. თავდაპირველად ის მოხსენიებულია, როგორც წყარო. მოგვიანებით მას აწინაურებენ და ხდება "საიდუმლო თანამშრომელი", რაც იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციაში გაცილებით მაღალ სტატუსს ნიშნავდა. ის თანამშრომლად მაშინ დაინიშნა, როცა დასავლეთ გერმანიაში, რადიო "დოიჩე ველეში" წავიდა სამუშაოდ. ეს ათივე დოკუმენტი ახლა ჩემს წიგნში - "კომისარი" - გამოვაქვეყნე. დოკუმენტებში ყოველგვარი ეჭვის გარეშე ჩანს, რომ ის ჯერ იყო ინფორმატორი, ხოლო მოგვიანებით - იუგოსლავიის საიდუმლო პოლიციის თანამშრომელი".
როგორ იცნობს მარტა კოსს საიდუმლო პოლიცია, ვისი სახელით, რა ჰქვია მას დოკუმენტებში. და რა ირკვევა, რის შესახებ აწვდიდა ის ინფორმაციას საიდუმლო პოლიციას?
"საარქივო მასალებში 1987 წელს, პირველად ჩნდება სახელი ტარა. ეს მარტა კოსია და ამას არ ვამბობ მხოლოდ ჩემს ეჭვებზე დაყრდნობით. ამ დოკუმენტებში მითითებულია მისი დაბადების ადგილი, თვე, რიცხვი, დრო. მისამართში, მშობლების სახელები და გვარები, ინფორმაცია და რა თქმა უნდა, იურიდიული სახელიც. მნიშვნელოვანია, რომ რადგან ეს საარქივო მასალა განადგურებულია, ჩვენ მხოლოდ მათ ნაწილზე ვსაუბრობთ, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ მას კავშირი "უდბასთან" 1987 წლამდეც ჰქონოდა, უბრალოდ ეს გააქრეს. 1990 წელს, ტარა ხდება "ბლანკა", მას საიდუმლო პოლიციის თანამშრომლები ასე მოიხსენიებენ. რაც შეეხება საქმიანობას, სპეცსამსახურებს ის ძირითადად აწვდიდა ინფორმაციას დოიჩე ველეზე და მაშინდელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტელევიზიაზე. დასავლეთ გერმანიაში მარტა კოსი საცხოვრებლად, ჯერ კიდევ მაშინ გადავიდა, როცა ბერლინის კედელი დანგრეული არ იყო. ინფორმაციების ნაკადი კი, მეტწილად "დოიჩე ველეს" სლოვენიური სექციის ხელმძღვანელს და რიგით კოლეგებს უკავშირდება".