მე-20 საუკუნის ქართული კვალი ევროპულ მოდაში.
1905 წელს პარიზში პირველი "მის ევროპა" ჩატარდა, რომლის გამარჯვებული ქართველი არისტოკრატი, ეკატერინე თარხნიშვილი გახდა.
ევროპის არისტოკრატთა ოჯახების წარმომადგენლებს შორის, გამართულ კონკურსში მონაწილე გოგონები ყვავილებით მორთულ ეტლში უნდა ჩამსხდარიყვნენ და მაყურებლით სავსე ქუჩაზე უნდა გაევლოთ. რჩეულ კონკურსანტს ხალხი ხმას აძლევდა, სწორედ ასე დააგროვა ყველაზე მეტი კონვერტი 15 წლის ქართველმა გოგონამ და “მის ევროპა” გახდა.საჩუქრად კი ბრილიანტის თვლებით მოჭედილი ოქროს მედალიონი მიიღო.
პირველი მის ევროპა კასპის რაიონში, სოფელ ახალქალაქში გაიზარდა, გრიგოლ თარხან-მოურავის ოჯახში. ოჯახი სააკაძის შთამომავლად ითვლებოდა. თარხან-მოურავებმა პარიზში 1903-07 წლებში იცხოვრეს.. ეკატერინე 1903 წელს განათლების მისაღებად პარიზში დედასთან ერთად გაემგზავრა და სილამაზის კონკურსში მონაწილეობაც დედის რჩევით მიიღო.
1908 წელს დაოჯახდა და ცოლად გაყვა ფრანგ მიშელ სეგალს, რომელიც იმ პერიოდში სტუდენტი იყო. გრიგოლ თარხან-მოურავს არ მოსწონდა სიძე და შვილი რამდენიმე წლის შემდეგ, დააშორა. ეკატერინეს მისგან ნიკოლოზი დარჩა, რომელიც საქართველოში თარხნიშვილის გვარით ცხოვრობდა.მძიმე იყო მისთვის განშორება.
ეკატერინე თარხნიშვილი კასპის სოფელ ახალქალაქში სრულიად უჩინრად გარდაიცვლებოდა, კონკურსის ამბავი თავად რომ არ გაემხილა, ოღონდ სიცოცხლის ბოლოს, 1967 წელს.მაშინ როცა ევროპული ბიოგრაფიის მქონე ქართველების დახვრეტის საშიშროება აღარ არსებობდა.ერთხელაც მოხუცმა ქალბატონმა კასპის მუზეუმში "მის ევროპა 1905"-ის დოკუმენტაცია მიიტანა და იქაურობა მალევე დატოვა.ეკატერინე თარხნიშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში ის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა.
მე-20 საუკუნის 20-იანი წლების პარიზი მოდის რევოლუციის ეპიცენტრი იყო, სადაც ლეგენდარული კოკო შანელი ქალის სტილს თავიდან ქმნიდა. ამ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ნაკლებად ცნობილი დეტალი შანელის მოდის სახლში ქართველი არისტოკრატი ქალების როლია. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წასული თავადის ასულები პარიზული მაღალი მოდის სახეებად იქცნენ.
მერი შერვაშიძე — ქალი, რომელიც თავისი დახვეწილი მხრებით არამხოლოდ სამოსს, არამედ მთელ ეპოქას ატარებდა. ამბობდნენ, რომ როდესაც მერი შერვაშიძე დარბაზში ჩნდებოდა, ყველა ჩუმდებობდა.
მერი ბათუმიდან გემით გაემგზავრა. სტამბოლში შეყოვნდა,სადაც მონაწილეობა მიიღო მსოფლიო სილამაზის კონკურსში და გაიმარჯვა.
როგორც ცნობილია, შანელის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული მარგალიტის მძივი პირველად პოდიუმზე სწორედ მერი შერვაშიძემ გამოიტანა.ყველაფერი კი ერთი შეხვედრით დაიწყო.ელისეის კაფეში იგი პრინც დიმიტრი პავლოვს შეხვდა, რომელმაც დახმარება შესთავაზა და მეგობართან დააკავშირა. იგი თავად გაბრიელა შანელი აღმოჩნდა და დანახვისთანავე მოიხიბლა მერის სილამაზით.
გარდა იმისა, რომ დამადუმებელი სილამაზე ჰქონდა, დახვეწილი მანერებითაც გამოირჩეოდა, ამიტომაც არ გასჭირვებია მოდელის პროფესიის ათვისება.ხშირად იწვევდნენ არისტოკრატთა წვეულებებზე. გადმოცემის თანახმად, მერი შერვაშიძე „შანელის“ იმდროინდელ მოდის სახლში ყველაზე გამორჩეულ მოდელად მიიჩნეოდა.
როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო მისი სილამაზით აღფრთოვანებული ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა გამოგზავნილი ყვავილები. მერი პარიზში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში 1986 წელს, 98წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. შერვაშიძის უახლოესი მეგობრის, ბაბო დადიანის თხოვნით, კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მერის პანაშვიდი საქართველოში, სიონის ტაძარში გადაუხადა.
ანა ჭავჭავაძე – ქალი, რომელმაც კავკასიური სული ევროპულ პოდიუმზე გააცოცხლა.
ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილს ბავშვობიდანვე დაჰყვა ის შინაგანი კეთილშობილება, რაც მოგვიანებით მისი სავიზიტო ბარათი გახდა. თუმცა, რევოლუციამ და გასაბჭოებამ მისი ცხოვრება ორად გაყო: ფუფუნებით სავსე თბილისიდან – გაურკვევლობით მოცულ პარიზამდე.
1924 წელს მან გახსნა მოდის სახლი სიმბოლური სახელით – „იმედი“.სწორედ აქ შეიქმნა ლეგენდარული ქსოვილი „ტიფლისი“, რომელმაც ფრანგი მოდის კრიტიკოსები აღაფრთოვანა. ანამ მოახერხა შეუძლებელი: პარიზის ცენტრში დაამკვიდრა სტილი „კავკასიელი“, სადაც ქართული ჩოხის ელემენტები და ნაქარგობა მაღალ მოდასთან იყო შერწყმული.
მისი სილამაზე შეუმჩნეველი არ დარჩენია კოკო შანელსაც. ანა ჭავჭავაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი გახდა, ვინც „შანელის“ სახე იყო. ის არ ყოფილა უბრალოდ მოდელი – ის იყო კულტურული ელჩი, რომელიც თითოეული გამოჩენით თავისი სამშობლოს ტრადიციებსა და დახვეწილ გემოვნებას უსვამდა ხაზს.
შანელი აღფრთოვანებული იყო რიმა ერისთავის კავკასიური და აღმოსავლური სილამაზით. ის არ იყო უბრალოდ მოდელი; ის განასახიერებდა სიამაყისა და სინაზის ნაზავს. პარიზულ სალონებში მას Princesse Rimma Eristoff-ის სახელით იცნობდნენ. ამბობდნენ, რომ მისი გამოჩენა პოდიუმზე ყოველთვის დრამატული და დასამახსოვრებელი იყო. ის მეგობრობდა ისეთ ლეგენდებთან, როგორიც მერი შერვაშიძე იყო და ისინი ერთად ქმნიდნენ იმ ეპოქის მოდის სტანდარტს.
მიუხედავად ბრწყინვალე კარიერისა და მაღალი საზოგადოების ყურადღებისა, რიმას ცხოვრება სავსე იყო ნოსტალგიით. მან უარი თქვა პირად ბედნიერებაზე და მთელი ცხოვრება დედასთან-თამარ ერისთავთან ერთად გაატარა. მისი ერთგულება ოჯახისა და ფესვებისადმი ისეთივე მტკიცე იყო, როგორც მისი პოზა ფოტოობიექტივის წინ.რიმა ერისთავი 1982 წელს, 80 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა. მან დატოვა ისტორია ქალზე, რომელმაც ემიგრაციის სიმძიმე დიდებად აქცია და ფრანგულ მოდას ქართული არისტოკრატიზმის ელფერი შესძინა.
ქართული ემიგრაციის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დედა-შვილს, რომლებმაც მეოცე საუკუნის პარიზულ მოდაში წარუშლელი კვალი დატოვეს. თავადის ასული მელიტა ჩოლოყაშვილი და მისი ქალიშვილი ლილია ზელენსკაია ფრანგული მაღალი მოდის სიმბოლოებად იქცნენ.
1922 წელს, გასაბჭოების შემდეგ, მელიტა ჩოლოყაშვილი მცირეწლოვან შვილთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. პარიზში ჩასული არისტოკრატისთვის მოდელობა თავიდან გადარჩენის და შემოსავლის წყარო გახდა, თუმცა მალე მისი ბუნებრივი გრაცია მსოფლიო დონის დიზაინერებმა შეამჩნიეს.
მისი პორტრეტი ცნობილმა მხატვარმა საველი სორინმა შექმნა, ხოლო პოეტმა ტიციან ტაბიძემ მას ლექსი მიუძღვნა, სადაც მას „კახეთის გვირგვინს“ უწოდებდა.
როდესაც მელიტამ სამოდელო კარიერა დაასრულა, პოდიუმზე ის საკუთარმა ქალიშვილმა, ლილია ზელენსკაიამ ჩაანაცვლა. ლილია, რომელიც საფრანგეთში გაიზარდა და ბალეტის სკოლა დაამთავრა, 1930-იანი წლების პარიზის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოდელად იქცა.
ლილია იყო ცნობილი ფრანგი დიზაინერის, ლიუსიენ ლელონგის წამყვანი მოდელი.მისი ფოტოები რეგულარულად ჩნდებოდა ჟურნალ Vogue-ის ფურცლებზე. ის მუშაობდა ისეთ ლეგენდარულ ფოტოგრაფებთან, როგორებიც იყვნენ მან რეი და სესილ ბიტონი.
კოკო შანელი ამ ქალბატონებს "ნამდვილ პრინცესებს" უწოდებდა არა მხოლოდ მათი ტიტულების, არამედ იმ ბუნებრივი არისტოკრატიზმის გამო, რაც მათ მოდელობას განსხვავებულ ელფერს სძენდა.ისინი იყვნენ თავიანთი ქვეყნის კულტურული ელჩები, რომლებმაც ურთულეს პერიოდში ღირსება და სილამაზე შეინარჩუნეს.
ავტორი: ანი გენებაშვილი.