თბილისში, ღვინის აღმართიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, მსვლელობა გამართა "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ.
ახალგაზრდები, ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად, ბარათაშვილის ხიდთან ორი საათისთვის შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით შეუერთდნენ პროცესიას - მრევლს, რომელიც სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრა.
ისინი პატივს მიაგებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრის, მარიამ გრიგოლიშვილის განცხადებით, პატრიარქი იყო და არის ქვეყნის სიყვარულის მაგალითი.
"გზადაგზა, მსვლელობის მანძილზე, გვიერთდებიან ახალგაზრდები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე შეკრებილები არიან უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს სულიერ მამას, რომელიც თითოეული ახალგაზრდისთვის არის და მომავალში, კიდევ უფრო მეტად იქნება, სამშობლოს ჭეშმარიტი სიყვარულის მაგალითი, ასევე თავმდაბლობისა და სიბრძნის მაგალითი", - განაცხადა მარიამ გრიგოლიშვილმა.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, ერი მადლობელია იმ ღვაწლისთვის, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა გამოიარა თავის ქვეყნისთვის.
"პირველ რიგში, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ დიდი ტკივილს. ჩვენი უწმინდესი იყო გამორჩეული ადამიანი და ვნახეთ, მისი გარდაცვალების შემდეგ რამხელა ერთობა, სიყვარულია მთელ ქვეყანაში. შეძლო მან და გააერთიანა ქვეყანა.
ჩვენ, ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან ერთად გვაქვს მსვლელობა, რომ გავაცილოთ ჩვენი ყველაზე გამორჩეული, უტკბილესი და უთბილესი, ქვეყნისთვის შრომაში დაღლილი და დაქანცული ადამიანი, რომლის ცხოვრება, როგორც სანთელი დნება, ისე დადნა ჩვენს სიყვარულში. გვინდა, მადლობა ვუთხრათ მას ყველაფრისთვის", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.