ქვეყანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება, სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო პანაშვიდი გრძელდება. მას შემდეგ, რაც კათოლიკოს-პატრიარქის ცხედარი საპატრიარქოდან სამებაში გადაასვენეს, უწმინდესის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ხალხი ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიდის.
საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, პატრიარქის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მსურველებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ მისვლა.
ათასობით ადამიანი ცდილობს პატივი მიაგოს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის ერთიანობისა და სულიერი სიმტკიცის სიმბოლო იყო.
უკვე ცნობილია, რომ ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება. ეს ინფორმაცია „კურიერს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალურად დაუდასტურეს.
პატრიარქის ანდერძის თანახმად, მას კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ - იქ, სადაც მან მრავალწლიანი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა.