სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საყოველთაო პანაშვიდებისთვის სამზადისი დაწყებულია. ხვალიდან ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება პატივი მიაგოს და გამოემშვიდობოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ეს.
როგორც დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა აღნიშნა, პატრიარქის გარდაცვალება არის უდიდესი სევდა ყოველი ქრისტიანისთვის.
"წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, რომელიც აშენდა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ელის საქართველოს მამამთავრის მოსვენებას. ჩვენ ვიცით, რომ ტაძარში მიმდინარეობს მზადება და საღამოს მორწმუნე მრევლი დაელოდებ, უწმინდესის ნეშთის მობრძანებას", - აღნიშნა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.
საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იმართება, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის შესახებ.