07 აგვისტო 2026,   19:37
ვრცლად
ფსევდომედიცინის ხაფანგი: როგორ მუშაობს ონლაინ თაღლითობა "სასწაულმოქმედი" სამკურნალო პროდუქტებით

სოციალურ ქსელებში, ხშირად გხვდება სხვადასხვა ტიპის რეკლამა, რომელიც მოქალაქეებს ერთი შეხედვით მიმზიდევლ პროდუქტებს სთავაზობს. მათ შორის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომრავლდა ე.წ. სამედიცინო პროდუქციის შეთავაზებები - ვირუსების, დიაბეტის და სიმსივნის სამკურნალოდაც კი. ამ ერთი შეხედვით, მაცდური  წინადადების უკან, უმეტეს შემთხვევაში, კარგად ორგანიზებული თაღლითური ქსელი იმალება, თქვენს მიერ გადახდილი თანხები კი ფსევდომედიცინის ინდუსტრიაში ილექება.    

სხვადასხვა დანამატების და ჯანმრთელობისთვის მავნე რჩევების გასავრცელებლად თაღლითები, ბოლო პერიოდში, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ვიდეობს აქტიურად იყენებენ. ასეთ სარეკლამო რგოლებში ჩანან ექიმები, რომლებიც სინამდვილეში DeepFake-ით შექმნილი პერსონაჟები არიან. მათ უკვე უწოდეს ე.წ. ინსტაგრამის ექიმები, თუმცა ხელოვნური ინტექლექტის მიერ გენერირებული და მანიპულირებული ვიდეობი გვხვდება სხვა პლატფორმებზეც, მათ შორის "ფეისბუქზე" და "ტიკ-ტოკზე".  

 

Open photo

ონლაინ თაღლითური ქსელები საკმაოდ დახვეწილი სტრატეგიით მოქმედებენ. მათი მიზანი ადამიანის ნდობის მოპოვება, ემოციური ზეწოლის შექმნა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების პროვოცირებაა.

პირველი ეტაპი, როგორც წესი, აგრესიული რეკლამაა. სოციალური ქსელების ალგორითმები საშუალებას აძლევს რეკლამის გამავრცელებლებს მიზნობრივად მიაწვდინონ ინფორმაცია იმ ადამიანებს, რომლებიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემებს ეძებენ. მაგალითად, თუ მომხმარებელი ინტერესდება დიაბეტის მკურნალობით ან სიმსივნის შესახებ ინფორმაციას კითხულობს, დიდი შანსია, რომ მის ეკრანზე მალევე გამოჩნდეს "სასწაულებრივი" პრეპარატის რეკლამა, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული.

ასეთი რეკლამები ხშირად იყენებს რამდენიმე საერთო ელემენტს:

  • "ექიმების რეკომენდაცია" – რეალური წყაროს გარეშე

  • "კლინიკური კვლევები", რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს

  • მომხმარებლების ყალბი ისტორიები

  • ცნობადი ადამიანების ფოტოები მათი თანხმობის გარეშე

  • შეზღუდული დროის შეთავაზება ("დღეს მხოლოდ 70% ფასდაკლება")

ამგვარი ტექნიკა მომხმარებელში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პროდუქტი რეალურია და სწრაფად უნდა შეიძინოს, სანამ "შანსს" დაკარგავს.

ჯანდაცვის ექსპერტები შეშფოთებულნი არიან, რომ თაღლითურმა რეკლამებმა შესაძლოა ადამიანები მედიკამენტების მიღების შეწყვეტამდე მიიყვანოს. მაგალითად, მელბურნში მდებარე ბეიკერის გულისა და დიაბეტის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, ჯონათან შოუმ, მისი გამოსახულებით გავრცელებული ვიდეოს შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც პაციენტებმა კლინიკაში დარეკეს და ინფორმაცია სთხოვეს მკურნალობის ახალ მეთოდზე, რომელსაც თითქოს ის Facebook-ზე არეკლამებდა. ექიმს უამრავი პაციენტის დარწმუნება მოუხდა, რომ ვიდეოში გამოსახული მამაკაცი, სინამდვილეში, DeepFake-ით შექმნილი პერსონაჟია და მასთან საერთო არაფერი აქვს.

Open photo

"როდესაც ბმულზე დავაწკაპუნე, ვნახე, რომ ის ზუსტად ჩემს პიროვნებას ჰგავდა, მაგრამ ყველა სიტყვა შეცვლილი იყო. მაშინვე დავფიქრდი იმ ადამიანებზე, რომლებიც მენდობიან და ენდობიან ჩემს მიერ დანიშნულ მკურნალობას", - თქვა პროფესორმა.

ვიდეოში, რომელიც Meta-მ უკვე წაშალა, ჩანს ჯონათან შოუს ყალბი გამოსახულება, რომელიც მოქალაქეებს არწმუნებს, რომ მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი "მეტფორმინი" "დაავადების ეფექტურად მართვისთვის საკმარისი არ არის".

შემდეგ "პროფესორი შოუ" წარადგენს ახალ მკურნალობას, რომელიც თითქოს "სისხლში შაქრის დონეს სულ რაღაც 24 საათში ასტაბილურებს" და "დიაბეტის სხვა სიმპტომებს ებრძვის".

ვიდეოში რეკლამირებული პროდუქტი დიეტური დანამატია სახელწოდებით Glyco Balance, რომელიც შეიცავს დარიჩინის ჩხირებს, ბერბერინის კენკრას და მწარე ნესვის ექსტრაქტს. უცნობია, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას დანამატის მწარმოებელი კომპანია, Vellec Group, ყალბ ვიდეოზე.

როდესაც პროფესორმა შოუმ ყალბი რეკლამის ლინკი გახსნა, აღმოაჩინა მისი სახელით გავრცელებული ინტერვიუ ABC-ის ჟურნალისტ ლი სეილსთან, რომელსაც სინამდვილეში არასდროს შეხვედრია და ცხადია, არც ინტერვიუ მიუცია. ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ინტერვიუში, ჯონათან შოუს ფეიკ-პერსონაჟი ამბობს, რომ დანამატი შემუშავდა სამთავრობო დაფინანსებით ბეიკერის ინსტიტუტში. ჩანაწერში ასევე ნათქვამია, რომ "მეტფორმინი" - ავსტრალიაში დიაბეტის სამკურნალოდ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დანიშნული პრეპარატი - საშიშია.

სინამდვილეში: მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები "მეტფორმინის" მიღებისას, პრეპარატის გრძელვადიანი უსაფრთხოება კარგად არის შესწავლილი და დადგენილი.

"ჩემი მთავარი საზრუნავი არ არის ჩემი პირადი რისკი ან რეპუტაცია, ჩემი მთავარი საზრუნავი დეზინფორმაციაა, რომელმაც შესაძლოა პაციენტების ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას", - ამბობს ჯონათან შოუ.

ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ, ყალბი სარეკლამო თაღლითობების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. თაღლითები პროდუქციის გასაყიდად ხშირად ცნობილი ადამიანებისა და სხვა საჯარო პირების ვინაობას იყენებენ.

"კიბერ თაღლითობა ტრილიონი დოლარის გლობალური ინდუსტრიაა... თაღლითები მუდმივად ეძებენ და იყენებენ ახალ მეთოდებს", - თქვა ორგანიზაცია IDCARE-ის მენეჯერმა კეტი სანდსტრომმა, რომელიც კიბერ-თაღლითობის გამოვლენის მიმართულებით მუშაობს.

ყალბ რეკლამებში ჯანდაცვის სპეციალისტების გამოყენება, ასევე ქმნის სანდოობის ილუზიას.

Glyco Balance-ის შემთხვევაში, პროფესორ შოუს დიფფეიკი, როგორც ჩანს, კოორდინირებული ონლაინ თაღლითობის მხოლოდ ერთი ნაწილია.

დიეტური დანამატის ონლაინ ძიება, ააშკარავებს დასპონსორებული საიტებისა და YouTube ვიდეოების მთელ ქსელს, რომელიც, როგორც ჩანს, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ მომხმარებელთა მიმოხილვებსა და შეფასებებს შეიცავს.

მაგალითად, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარის, "დოქტორ რიჩარდ ჯორჯის" სახელით გამოქვეყნებულ სტატიას Glyco Balance-ის შესახებ, თუმცა სტენფორდის უნივერსიტეტმა დაადასტურა, რომ მსგავსი პიროვნება სტენფორდში საერთოდ არ მუშაობს. 

Open photo

Glyco Balance-ის შესახებ სხხვადასხვა პლატფორმებზე აღნიშნულია, რომ პროდუქტი შეიმუშავეს ექიმებმა, მათ შორის, აშშ-ში მოღვაწე ექიმმა ალან გაბიმ, რომელიც კვების სპეციალისტია.

ABC დაუკავშირდა პროფესორ გაბის, რომელმაც აღნიშნულ პროდუქტთან  ყოველგვარი კავშირი  უარყო.

კვებითი დანამატები მხოლოდ ერთი მცირე მაგალითია... ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ასობით ვიდეო ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად ვრცელდება და მომხმარებლებს ზოგჯერ ისეთ პროდუქტებს სთავაზობს, რომლებმაც შესაძლოა მათ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

ამიტომაც, სპეციალისტები გირჩევენ, სანამ კონკრეტულ რეკლამას დააკლიკებთ და თანხას გადარიცხავთ, ჯერ კარგად დაფიქრდით - ხომ არ არის ვიდეო-რგოლი გაყალბებული, პროდუქტი კი საეჭვო.

ცნობისთვის: მხოლოდ ავსტრალიის მარეგულირებლის მოთხოვნით, ერთ წელში სხვადასხვა ციფრული პლატფორმიდან თერაპიული პროდუქციის 4,800-ზე მეტი უკანონო რეკლამა წაიშალა.

 

დღის ამბები