მივიწყების პირას მყოფი ხელოვნება და ქსოვით მოყოლილი ამბები. ბორჩალოს ხალიჩები - როგორ იქცა საყოფაცხოვრებო ნივთი კულტურულ კოდად?
ნისლში გახვეულ გზას მივუყვებით. გარშემო ყველაფერს, წვიმასთან ერთად ნაცრისფერი ეპატრონება. აქ ფერადი მხოლოდ ტრაფარეტია. ზღაპრის სტანდარტულ მოცემულობაში ვართ: წინ წახვალ გზა დაგხვდება. მარცხნივ წახვალ ფერად სამყაროში აღმოჩნდები. ცხადია, მარცხნივ ვუხვევთ და ჯადოსნური მოგზაურობაც იწყება.
ბორჩალოს ხალიჩა, ქალის როლი კულტურაში და ტრადიცია, რომელიც საუკუნეების წინ დაიწყო.
წინასწარ განსაზღვრულ თანმიმდევრობას უცვლელობა ახასიათებს. თუმცა, აქ ამ კანონზომიერების დარღვევა შესაძლებელია. ბოლომდე მაინც არავინ იცის სად წაიყვანთ თითების მოძრაობა. და ასე მოძრაობას მინდობილნი, ფერადი ფანტაზიით ჰაერის სპირალს ნება-ნება მიჰყვებიან და ამბებსაც ქსოვით ყვებიან.. ძველისძველი ლეგენდებიდან, ბალადებიდან და მითებიდან ამოკრებილ ფერად ისტორიებს, მოთხრობილი ამბებით მოქსოვილ ხალიჩაში ორნამენტულად აქსოვენ. დასასრული კი ახლის დასაწყისი ხდება – ნებისმიერი ფაქტიც ხომ ნამდვილად მას შემდეგ არსებობს, როცა აღწერასა და მოყოლას იწყებს.
ფატმან კაჯაროვა: "12 წლის ვიყავი, როცა დედამ ხალიჩის ქსოვა მასწავლა. 14 წლიდან ეს საქმე დამოუკიდებლად დავიწყე. მაშინ ამ სოფელში ყველა ქსოვდა, ახლა ყველაფერი შეიცვალა. იმისთვის, რომ ეს ტრადიცია გადავარჩინოთ, ჩვენმა თაობამ მომავალს უნდა ვასწავლოთ ის ყველაფერი, რაც ბორჩალოს ხალიჩების ქსოვას სჭირდება", - გვიყვება ფატმან კაჯაროვა.
ოსტატები ნახელავში საკუთარ სულს აქსოვენ. ოსტატად კი მათ, მათივე ნახელავი აქცევს. აღიარებას არ ითხოვენ, მხოლოდ საუკუნებიიის წინ დაწყებული ტრადიციის, მომავალში გაგრძელებაც სურთ…მაშინ როცა ეთნიკური მრავალფეროვნება ქვეყანას ამდიდრებს, დავიწყების პირას აღმოჩენილი ტრადიციების გადარჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სჯერათ, საკუთარ წილ სიკეთეს, ახლა იმ ქვეყნისთვის აკეთებენ სადაც დაიბადნენ და თავი დაიმკვიდრეს.
ფატმან კაჯაროვა: "ბორჩალოს ხალიჩების ქსოვა განსაკუთრებულ ტექნიკას მოითხოვს, განსაკუთრებულ ყურადღებას. ბორჩალოურს სხვა ხალიჩებისგან რამდენიმე დეტალი გამოარჩევს - მაგალითად წითელი არღაჯი ანუ ძითელი ძაფი იმის მანიშნებელია, რომ ეს ხალიჩა ბორჩალოურია, ანუ საქართველოში მოქსოვილი", - გვიხსნის ფატმან კაჯაროვა.
ვინ და სად ქსოვს დღეს ბორჩალოს ხალიჩებს?
ისტორიული ბორჩალო მხოლოდ გეოგრაფიული ერთეული არ ყოფილა. სავაჭრო და მიგრაციული გადაკვეთის სივრცემ ტრადიციები, ენები, რელიგიური წარმოდგენები ერთმანეთს შეახვედრა. ამ გადაკვეთის წერტილში ყალიბდებოდა კულტურა, რომელიც ყველას ნაწილად იქცა. ბორჩალოს ხალიჩაც ამ თანაცხოვრების ყველაზე თვალსაჩინო არტეფაქტად შეიძლება ჩაითვალოს. იგი ერთდროულად კავკასიური ორნამენტის სიმკაცრეს, აღმოსავლური ესთეტიკის სიმბოლიზმსსა და ადგილობრივი ყოფის რეალობას ატარებს - ამიტომ, მისი წაკითხვაც სოციალური ისტორიის გაშიფვრას გავს.
საქართველოში ბორჩალოს ხალიჩებს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. უნიკალური სიმბოლოებითა და აბსტრაქტული ფიგურებით მორთული ნამუშევარი ოჯახის სიძლიერეზე, მის დაცვასა და ისტორიაზე გვიყვება.
დილარა კაჯაროვა: "ხალიჩების ძირითადი ნაწილი ჩვენი გოგოებისთვის იქსოვება, მზითვისთვის. ეს სიცოცხლის ხეებია, რაც ოჯახის შექმნას ნიშნავს, მისი განშტოებები კი შვილებს, შვილიშვილებსა და მომავალ თაობას. აქლემი ბარაქას ნიშნავს, ძაღლი ოჯახის ერთგულ მეგობრებს განასახიერებს. დრაკონმა კი ეს ოჯახი ავი თვალისგან უნდა დაიცვას", - ხალიჩაზე დატანილი სიმბოლოების მნიშვნელობას დილარა კაჯაროვა გვიხსნი, რომელიც ხალიჩებს ბავშვობიდან ქსოვს.
ბორჩალოს ხალიჩაზე შემთხვევითი არაფერია. თითოეული ხაზი, გეომეტრიული ფიგურა, ფერის შეხამება სიმბოლურ სისტემას ქმნის - ენას, რომელიც სიტყვებს არ საჭიროებს. ისააკ ნიუტონის უწყვეტი სპექტრის შვიდ ფერად დაშლის თეორიას აქ არავინ იცავს. ფერი აქ ბუნებრივად, ბუნებისვე ნებით იქმნება. ძაფის დამზადება და შემდეგ გაფერადება - ქსოვის ტრადიციის საწყისი ეტაპია. ფერებიც საკუთარი სიმბოლიკით საუბრობს. წითელი - სიცოცხლეს, ენერგიას და დაცვას გამოხატავს. მუქი ლურჯი - რწმენას, სიჩუმეს და სიღრმეს. თეთრი კი - სინათლისა და სიწმინდის სიმბოლოა.
მეხსიერება, რომელიც არ ქრება
ბორჩალოს ხალიჩა მხოლოდ წარსულის ნივთი არ არის. ის არის მტკიცებულება, რომ კულტურა ყველაზე გამძლე ქსოვილით იქსოვება - ადამიანური გამოცდილებით. როდესაც ბორჩალოს ხალიჩას ვუყურებთ, ვხედავთ არა მხოლოდ ორნამენტებს, არამედ ადამიანებს, რომლებმაც ქაოსურ სამყაროში წესრიგი შექმნეს. ვხედავთ ქალებს, რომლებმაც მატყლის ძაფით მეხსიერება გააცოცხლეს და მორიგი ისტორია შექმნეს.
ძველი ისტორიებით ნაქსოვი ეს ხალიჩაც, ბინას ახალი სიცოცხლით, ამ სოფლიდან შორს ან ახლოს დაიდებს. თავის ამბავსაც სხვა სახლში მოყვება, თუმცა არა ვერბალურად. და ალბათ არც არავის ეცოდინება, რომ მასში უნებურად ჩვენი ისტორიით, ჩვენც ჩაქსოვილები ვართ…….