საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში - დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სიტყვით გამოვიდა სუვერენული ერების ალიანსის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ენერგოდამოუკიდებლობის პანელზე.
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, შეხვედრისას ქართული დელეგაცია 5 კონგრესმენს ესაუბრა. მხარეებმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღების და ახალ ეტაპზე გადაყვანის საკითხებზე ისაუბრეს.
"დავასრულეთ შეხვედრები კონგრესში. გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსაუბრებოდით 5 კონგრესმენს, ძირითადად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, თუმცა, ასევე სხვა კომიტეტის წევრებსაც შევხვდით. ბოლო შეხვედრა გვქონდა კიტ სელფთან, რომელიც არის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, და ასევე დღის განმავლობაში გვქონდა შეხვედრები რენდი ფაინსთან, მაიკ ტერნერთან, რაიან ცინკესთან და ანა პაულინა ლუნასთან. ძირითადი თემა ჩვენი საუბრების იყო ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაჯანსაღება და ახალ ეტაპზე გადაყვანა, თუმცა ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე სხვადასხვა სპექტრის საკითხების ფართო სპექტრი, ძირითადად უსაფრთხოებს საკითხებს შევეხეთ, ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ოკუპაციის საკითხს.
ასევე, მივიღეთ ინფორმაცია კონგრესმენებისგან ირანში მიმდინარე მოვლენებზე და მათ შეფასებაზე. კონგრესმენები ასევე დაინტერესდნენ შუა დერეფნის განვითარების საკითხით და საქართველოს როლით შუა დერეფანში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო დიალოგები გვქონდა და ასევე ჩვენ ვთხოვეთ კონგრესმენებს, ყურადღებით შეისწავლონ ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ცალკეული კონგრესმენები წარმოადგენენ ხოლმე და აშკარად ანტიქართული ხასიათი აქვთ, იმისათვის, რომ იმ პოზიტიურ დინამიკას, რაც ჩვენს ურთიერთობებში ახლა გამოჩნდა, ამ პოზიტიურ დინამიკას ზიანი არ მიადგეს", - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.