18 ივნისი 2026,   14:36
ვრცლად
როგორ მოხდა ირანის სულიერი ლიდერის განეიტრალება და რა მასშტაბის იქნება ირანული პასუხი

აიათოლა ალი ჰამენეი მოკლულია, ირანში 40-დღიანი გლოვაა, ამოქმედებულია დროებითი მმართველობის მექანიზმი. ირანის სასულიერო, სამხედრო და სახელმწიფო ლიდერი 86 წლის ასაკში, ისრაელისა და ამერიკის ერთობლივ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.

უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ, ირანი შურისძიებისთვის ემზადება. "ამერიკელებმა ირანელ ხალხს გულში დანა ჩაარტყეს, ჩვენც მათ დანით დავჭრით" - ასეთია ოფიციალური თეირანის პოზიცია.

როგორი და რა მასშტაბის იქნება ირანული პასუხი? - პირველი და ყველაზე მოსალოდნელი - სარაკეტო თავდასხმის გაგრძელება და მასშტაბების გაზრდაა, სამიზნე კი ისრაელი და რეგიონში მდებარე ამერიკული ბაზებია.

როგორ მოხდა ირანის სულიერი ლიდერის განეიტრალება? - გაირკვა, რომ აიათოლა ჰამენეის აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო თვეების განმავლობაში აკვირდებოდა, გუშინ დილით მათთვის ცნობილი გახდა, ირანის უმაღლესი ლიდერების შეხვედრის შესახებ, რომელიც თეირანის ცენტრში მდებარე სამთავრობო კომპლექსში იგეგმებოდა.

ვაშინგტონი და თელ-ავივი თავდაპირველად ირანზე დარტყმების განხორციელებას ღამით გეგმავდნენ, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა გეგმა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემების საფუძველზე შეცვალეს და ირანის ლიდერების განეიტრალების ოპერაცია დაიწყეს.

1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ირანში ხელისუფლების უმაღლესი ფიგურა უზენაესი ლიდერია - შიიტური სასულიერო ავტორიტეტი, რომელსაც ეკუთვნის საბოლოო სიტყვა, როგორც სახელმწიფოს, ისე სამხედრო ძალების მართვაში. ამ თეოკრატიული მოდელის არსებობის თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ირანის უზენაესი ლიდერი არასოდეს მოუკლავთ. ეს პირველი შემთხვევაა, რაც პრაქტიკულად არის მმართველი სისტემის სტაბილურობის გამოცდა.

სწორედ ამიტომ, მიმდინარე მოვლენები რეგიონში მხოლოდ სამხედრო დაპირისპირებად არ განიხილება - ეს შეიძლება გახდეს ახლო აღმოსავლეთის მომავალი გეოპოლიტიკის გარდამტეხი მომენტი.

ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე პერიოდულად განგაშის სიგნალის ხმა ისმის. მოქალაქეებს თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდებენ. ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაცია გუშინ გამთენიისას დაიწყო, როდესაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. ავიადარტყმების სამიზნე ირანის სხვადასხვა ქალაქში არსებული ბირთვულ ობიექტები, სამხედრო ბაზები, სარაკეტო ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები იყო.

მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა სამხედრო მოქმედებები საღამოს დაიწყო. გაუშვეს ბალისტიკური რაკეტები და დრონები. სამიზნედ გამოცხადდა ისრაელი და შეერთებული შტატების სამხედრო ობიექტები სპარსეთის ყურის რეგიონში: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, კატარში, ომანსა და ბაჰრეინში.

საბრძოლო მოქმედებების შედეგად, მოკლულია 40 სამხედრო მეთაური. დაღუპულთა შორის არიან ირანის თავდაცვის მინისტრი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი!

დადასტურდა აიათოლა ალი ჰამენეის ქალიშვილის, შვილიშვილის, რძლის, სიძის და ირანის მე-6 პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმად-ინე-ჟადის სიკვდილიც. რა მასშტაბს შეიძენს ირანის ბირთვული განიარაღების მიზნით დაწყებული სამხედრო დაპირისპირება, ჯერ კიდევ უცნობია. "ამერიკა არასდროს დაუშვებს, რომ ირანი ბირთვული სახელმწიფო გახდეს" - ასეთია დონალდ ტრამპის საბოლოო სიტყვა.

 

დღის ამბები