საუბრის შორ მანძილზე გადაცემის იდეა XIX საუკუნეში გაჩნდა. გამოგონების ავტორი ალექსანდრ გრემ ბელია. ბელი ბრიტანეთში დაიბადა. 1870 წელს კი მისი ოჯახი საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, სადაც ბგერებზე დაკვირვებით გატაცებულმა ბელმა ლაბორატორია მოაწყო.
1875 წლის მარტში, ბელი ცნობილ მეცნიერ ჯოზეფ ჰენრის ესტუმრა და სთხოვა რჩევა მიეცა მრავალმავთულიან ელექტროაპარატთან დაკავშირებით, რომლის მეშვეობითაც იგი ტელეგრაფით ადამიანის ხმის გადაცემას ვარაუდობდა. ჰენრიმ უთხრა, ამ საკითხის გადაწყვეტა თავადვე შეგიძლიაო. ალექსანდრემ უპასუხა, რომ საამისოდ საკმარისი ცოდნა არ ჰქონდა. "მაშინ შეიძინე ეს ცოდნა" - მეცნიერის ამ ნათქვამმა ბელი გაამხნევა.
მიუხედავად იმისა, რომ ცდების გასაგრძელებლად საკმარისი ფინანსები არ გააჩნდა, ბელმა დაფინანსების მიღება მოახერხა. ასისტენტად კი გამოცდილი ინჟინერ-მექანიკოსი ტომას უოტსონი აიყვანა. ისინი ცდებს აკუსტიკურ ტელეგრაფზე ატარებდნენ. 1875 წლის 2 ივნისს, უოტსონმა შემთხვევით ერთ-ერთი მავთული გამოსწია და ხაზის მეორე ბოლოში მყოფმა ბელმა ბგერები გაიგონა; ბგერები, რომლებიც საჭირო იყო საუბრის, ხმის გადასაცემად. ამან ბელს დაანახა, რომ ბგერის გადასაცემად რამდენიმე კი არა, ერთი მავთულიც საკმარისი იქნებოდა. სწორედ ამას მოჰყვა ტელეფონის შექმნა.
XIX საუკუნის ბოლომდე, მსოფლიოში სატელეგრაფო ხაზს მხოლოდ ერთი დანიშნულებით იყენებდნენ. XIX საუკუნის ბოლოსთვის დეპეშების გადაცემაზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო გაჩნდა აზრი შორ მანძილზე სატელეფონო კავშირის დამყარების აუცილებლობის შესახებ. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ შეიძლებოდა სატელეფონო გადაცემისთვის სატელეგრაფო ხაზი გამოეყენებინათ, რაც სახელმწიფოსაც ეკონომიას მისცემდა.
XIX საუკუნის დასასრულს, ამ იდეის განხორციელებაზე მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერმა და გამომგონებელმა დაიწყო.
მაშინდელ რუსეთის იმპერიაში, რომელშიც საქართველოც შედიოდა, ამ ურთულესი ტექნიკური საკითხის გადაწყვეტაზე განსაკუთრებული წარმატებით მუშაობდა იმ დროისათვის უკვე ცნობილი გამომგონებელი ე. გვოზდევი და პირველმაც სწორედ მან განახორციელა ერთი ხაზით დეპეშებისა და სატელეფონო საუბრის ერთდროული გადაცემა.
რუსულ გამოცემებში, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის კავშირგაბმულობის შესახებ, ყველგან აღნიშნულია, რომ პირველი სატელეფონო კავშირი, სადაც ტელეგრაფის ხაზი გამოიყენეს, 1893 წელს 128 ვერსზე, ოდესასა და ნიკოლაევს შორის მოეწყო. ამ უკანასკნელით ერთდროულად გადაიცემოდა დეპეშები და სატელეფონო საუბარი, რომელიც გვოზდევმა განახორციელა.
სპეციალურ ლიტერატურაში არსად არის აღნიშნული, მაგრამ პ. კარბელაშვილმა ყურადღება მიაქცია იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებს, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ სანამ გვოზდევი ოდესაში ჩავიდოდა და თავის გამოგონებას დანერგავდა, პეტერბურგიდან ჯერ თბილისში ჩამოსულა და დეპეშებისა და სატელეფონო საუბრის ერთი ხაზით გადაცემა პირველად თბილისი-კოჯრის ტელეგრაფის ხაზზე განუხორციელებია.
რუსი გამომგონებელი საქართველოს 1893 წელს ეწვია. თბილისში ჩამოსულმა მეცნიერმა ივლისის პირველ რიცხვებში გადაწყვიტა სატელეფონო კავშირი დაემყარებინა თბილისსა და კოჯორს შორის. ეს ამბავი ქალაქს სენსაციად მოედო, ბევრს ასეთი უჩვეულო კავშირის დამყარების შესაძლებლობა არც სჯეროდა.
1893 წელს "ტიფლისსკი ლისტოკი" 15 ივლისის ნომერში იტყობინებოდა, რომ "ამ დღეებში, ტფილისში, ტელეფონის ქსელის მშენებლებმა ჩაატარეს თბილისსა და კოჯორს შორის ტელეფონირების ცდები. კოჯრიდან ლაპარაკი სავსებით ნათლად და გარკვევით ისმოდა ცენტრალურ სატელეფონო სადგურში. ტელეგრაფის სადენით ლაპარაკი წარმოებდა ბატონ გვოზდევის სისტემის ტელეფონის აპარატებით, რომლებიც მოქმედებს ტელეგრაფთან ერთდროულად და ერთი და იმავე ხაზით".
საფოსტო-სატელეგრაფო უწყებამ მოსახლეობას ნება დართო თბილისსა და კოჯორს შორის დამყარებული სატელეფონო კავშირით ესარგებლათ. ამ არაჩვეულებრივ სიახლეს თბილისის მოსახლეობა დიდი ინტერესით შეხვდა.
საქართველოში, პირველად თბილისი-კოჯრის ტელეგრაფის ხაზზე "აიდგა ფეხი" იმ დროისათვის მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონებამ.
ტექნოლოგიური კორპორაცია - Siemens ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, რომლის შემოსავალმა პანდემიურ წელს - €57 მილიარდი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ - €4,5 მილიარდი. ეს კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 293 000 ადამიანს ასაქმებს, ხოლო 173 წლიანი არსებობის განმავლობაში, არაერთი გლობალური მნიშვნელობის პროექტი აქვს განხორციელებული. ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ Siemens-ის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან და მე-19 საუკუნის მიწურულს, ჩვენთან დაწყებულ ინდუსტრიულ რევოლუციას, სწორედ ეს გერმანელი ძმები ედგნენ სათავეში.
სიმენსების საქართველოში მოღვაწეობის შესახებ ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ ცნობებს Siemens&Halke-ს (დღეს, Siemens) დამფუძნებლის, ბიზნესმენის, გამომგონებლის, ინჟინრის, მეცნიერის, მწერლის ვერნერ ფონ სიმენსის ავტობიოგრაფიული წიგნი "მოგონებები" გვაწვდის, რომელიც გერმანიაში 21-ჯერ გამოიცა.
სწორედ აქედან ვიგებთ, რომ ვერნერი საქართველოში 3-ჯერ ჩამოსულა და მოხიბლულა ჩვენი ქვეყნითა და ხალხით, ბუნებით, წყლით, სამზარეულოთი. "მოგონებებში" ის აღწერს თბილისს, მის თავისებურებებს და მას "აზიურ პარიზს" უწოდებს. აღფრთოვანებულია ქვეყნით და ამბობს, რომ ეს იყო უმდიდრესი ქვეყანა, უდიდესი პოტენციალით როგორც ნავთობის, ისე სპილენძისა თუ ოქროს მოპოვების თვალსაზრისით.
ვერნერ და კარლ სიმენსები კავკასიაში, დათვზე სანადიროდ, 1890 წ.
14 შვილიანი ოჯახიდან საქართველოს ინდუსტრიული პოტენციალის ამაღლებისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების მხრივ ვალტერსა და ოტო სიმენსებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.
ვერნერ ფონ სიმენსისა და გრიგოლ ორბელიანს შორის მოლაპრაკებების შემდეგად, თბილისსა და კოჯორს შორის პირველი სატელეგრაფო ხაზი 1858 წელს გაიყვანეს.
მაშინ ქართველი პოეტი კავკასიის ჯარების სარდალი იყო.
2 წლის შემდეგ კი, აუცილებლობის გამო, თბილისი-ფოთის სატელეგრაფო ხაზის გაყვანასთან დაკავშირებით, თბილისში გაიხსნა "სიმენსი და ჰალსკეს" წარმომადგენლობა, სადაც ვერნერმა ყველაზე საყვარელი ძმა, ვალტერი გამოგზავნა ხელმძღვანელად. ამავე წლის 5 ოქტომბერს, ფოთიდან თბილისში გადაიცა პირველი დეპეშები, ასევე, თბილისს, ბორჯომსა და გორს შორის. 1862 წელს, გრიგოლ ორბელიანის ნებართვით, ვალტერ სიმენსთან ერთად, თბილისსა და სტავროპოლს შორის, ტელეგრაფის ხაზის მშენებლობაზე დაიდო კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ეს ხაზი გაივლიდა ვლადიკავკაზზე, ნალჩიკსა და პიატიგორსკზე. ამგვარად, თბილისში, ოპერატიულად მიიღებდნენ ყველა მნიშვნელოვან ახალ ამბავს საზღვარგარეთიდან.
ამ პერიოდში, "კავკასიის ტელეგრაფის მამად" წოდებული ვალტერ სიმენსი, 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, 1868 წელს, 35 წლის ასაკში, საზეიმო ვახშამზე მიმავალ ვალტერ სიმენსს ცხენმა სასიკვდილო ტრავმა მიაყენა და ტრაგიკულად დაიღუპა.
დღეს, ანდრე კარბელაშვილის გამოკვლევების შედეგად, ვალტერ სიმენსის საცხოვრებლად მიჩნეულ სახლზე, თბილისში, ყოფილი ფ.ენგელსის ქუჩაზე, დღევანდელ ლ. ასათიანის N30-ში, არსებობს მისი მემორიალური დაფა, რომელიც გაკეთდა ანდრე კარბელაშვილის ინიციატივით, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ.
ვალტერ სიმენსის გარდაცვალების შემდეგ, "სიმენსი და ჰალსკეს" წარმომადგენელი კავკასიაში მისი ძმა გახდა, რომელიც, ასევე, სოლოლაკში დასახლდა. 1870 წლის 17 მაისს, თბილისში, ანეტე ფონ კრემერზე იქორწინა და ქართველ მეცენატებსა და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, ქველმოქმედებასაც მიჰყო ხელი.
ოტოს ხელმძღვანელობის დროს თბილისზე ინდოევროპულმა სატელეგრაფო ხაზმა გაიარა.
თბილისის კომუნიკაცია რუსეთის იმპერიის საზღვრებს გასცდა და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქალაქის სტატუსით, თითქმის მთელს მსოფლიოს დაუკავშირდა. მისი ეს ფუნქცია კი ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის მშენებლობას უკავშირდება. ტელეგრაფის ხაზი, რომლის სიგრძეც 11 000 კილომეტრი იყო, გადიოდა მარშრუტით: ლონდონი-ბერლინი-ვარშავა-ოდესა-ქერჩი-თბილისი-თეირანი-ყარაჩი-კალკუტა.
ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის გაყვანა კომპანია "სიმენსი და ჰალსკეს" ინგლისის მთავრობამ დაუკვეთა იმ მიზნით, რომ უდიდეს კოლონია ინდოეთთან კომუნიკაცია სწრაფად დაემყარებინა. საქართველოს ტერიტორიაზე სატელეგრაფო ხაზმა სოხუმზე, ზუგდიდზე, ქუთაისზე, გორსა და თბილისზე გაიარა. პირველი სახმელეთო ტრანსკონტინენტური ტელეგრაფი 1870 წლის იანვარში გაიხსნა და 60 წლის განმავლობაში, 1870-დან 1931 წლამდე, თბილისი საერთაშორისო კავშირის უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.
უილიამმა, ლონდონიდან სოხუმში ინდოევროპული ტელეგრაფისთვის სპეციალური კაბელი ჩამოიტანა, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გაიყვანეს. გარდა ამისა, მან ლონდონში დაამზადა, ასევე, მიწისქვეშა კაბელი სატელეგრაფო ხაზისთვის მოსკოვი-თბილისი. ეს ხაზი ხშირად ზიანდებოდა კობი-გუდაურის მონაკვეთზე თოვლის ზვავების გამო. ამიტომ, 1879 წელს, ამ მონაკვეთზე სატელეგრაფო ხაზი მიწისქვეშ გაიყვანეს.
მეოცე საუკუნის დასაწყისში, ძმებმა სიმენსებმა თბილისისათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს. სწორედ მათ სახელს უკავშირდება დედაქალაქის ქუჩების ელექტრიფიკაციის საქმე, მოგვიანებით კი, ტრადიციული თბილისური კონკის ჩანაცვლება ევროპული ტრამვაით, რომელმაც საუკუნეზე მეტ ხანს იფუნქციონირა. ამბობენ, რომ პირველი ლიფტი, თბილისში სწორედ გერმანელ "სოლოლაკელ ძმებს" ჰქონიათ, რაც იმდროინდელი ყოფისთვის დიდ ფუფუნებად მიიჩნეოდა.
პირველი ტრამვაი, რომელიც 1904 წლიდან კონკის ნაცვლად, ახალ ტრანსპორტად იქცა და თბილისის ქუჩებში საუკუნესა და 2 წელიწადს იარსება, ასევე ლიფტი და ასფალტის შემოტანა, ძმებ სიმენსებს, უფრო კონკრეტულად, ოტო სიმენსის სახელს უკავშირდება. ოტო სიმენსი ჩაბმული იყო კახეთში ნავთობის მოპოვების საქმეში, შეიმუშავა სხვადასხვა წინადადება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ასფალტის მიღება-გამოყენების, თბილისის წყლით მომარაგებისა და ქუჩების განათების შესახებ. წარმატებით უხელმძღვანელა დალიარ-კელბეკის ნავთობსადენის პროექტს, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ნავთობსადენის აშენება ბაქოდან ბათუმამდე.
"სიმენსებმა" 1887 წელს, თბილისი პირველად განათეს. ანათებდნენ მაშინ, როდესაც მთვარის განათება არ იყო საკმარისი - სექტემბრიდან მაისის ჩათვლით. ძირითადად, ცნობილ შენობებს: თეატრს, სათავადაზნაურო ბანკს და ა.შ. მაშინდელ თბილისში ელექტროსადენებისა და ელექტრომოწყობილობების მთავარი მიმწოდებელი ორი კომპანია იყო: "სიმენსი და ჰალსკე" და "შუკერტი და კომპანია", თუმცა, "სიმენსი" პირველი იყო არა მხოლოდ თბილისში, არამედ რუსეთის იმპერიაშიც.
ვალტერის მსგავსად, ოტოც 35 წლის ასაკში, სავარაუდოდ, ქოლერას მიზეზით გარდაიცვალა. "სოლოლაკელი ძმები" ვალტერ და ოტო სიმენსები, ერთ–ერთი ვერსიით, ვერის ბაღში დაასაფლავეს, თუმცა, ამჟამად, უცნობია, მათი საფლავების ადგილმდებარეობა.