10 აგვისტო 2026,   08:05
ვრცლად
ბრიტანეთში, ფაქტებით და მტკიცებულებებით არის დადასტურებული და ძალიან დიდია იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც დღემდე ვაჭრობენ რუსეთთან და რომლებიც გვერდს უვლიან სანქციებს - ლევან მაჭავარიანი

მაშინ, როდესაც ოფიციალური ლონდონი ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ დემონსტრაციული ზომების მიღებით არის დაკავებული, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სკანდალური კვლევა ბრიტანული პოლიტიკის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. კვლევის მიხედვით, თავად ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ მყოფი კომპანიები რუსული ომის მანქანის დაფინანსების მთავარ არხებად რჩება.

გამოქვეყნებული მასალებით დგინდება, რომ რუსეთი ეკონომიკური შეზღუდვებისთვის გვერდის ავლას სწორედ ბრიტანული კომპანიების დახმარებით ახერხებს. საუბარია 29 000-ზე მეტ სავაჭრო ტრანზაქციაზე, რომელთა საერთო ღირებულება 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფინანსური ოპერაციები კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განხორციელდა. დოკუმენტში მოყვანილია ექსპერტების შეფასებაც. რომლებიც თვლიან, რომ ლონდონის საგარეო პოლიტიკური რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის თქმით, საქართველოს კრიტიკოსებმა ჯერ მიხედონ თავიანთ კომპანიებს, ქვეყნებს, არ დაარღვიონ სანქციები და მერე ისაუბრონ საქართველოზე.

"ძალიან სამწუხაროა ზოგადად ის ფაქტი, რომ ევროკავშირი როდესაც ჩვენ მოგვიწოდებდა და დღემდე მოგვიწოდებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მათ მთელი ამ ომის განმავლობაში, ასობით მილიარდი დოლარი ივაჭრეს რუსეთთან. ასევე, გამოსაყოფია ის, რომ ბრიტანეთში, ფაქტებით და მტკიცებულებებით არის დადასტურებული და ძალიან დიდი არის ამ კომპანიების რიცხვი, რომლებიც დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რომლებიც გვერდს უვლიან სანქციებს. ეს ასმაგი სტანდარტია, ჯერ მიხედონ თავიანთ კომპანიებს, ქვეყნებს, არ დაარღვიონ ეს სანქციები და მერე ისაუბრონ საქართველოზე. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, როდესაც ჩვენ გვაბრალებდნენ ეს აქტორები და მათი აგენტურა - საქართველოში მდიდარი ენჯეოები და რადიკალური ოპოზიცია სანქციებისთვის გვერდის ავლას, ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ევროკავშირიდან ჩამოვიდნენ სანქციების კოორდინატორები, რომლებმაც დაადასტურეს ის, რომ საქართველო მუშაობს ძალიან მაღალ დონეზე ამ მიმართულებით და არანაირი სანქციების გვერდის ავლის ქვეყნად არ გამოიყენება საქართველო", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები