10 აგვისტო 2026,   13:34
ვრცლად
ოპოზიცია აშშ-ს პრეზიდენტზე - ხელისუფლების ოპონენტებისა და პირადად სააკაშვილის შეცვლილი რიტორიკა ტრამპთან დაკავშირებით

"ფაქტობრივად, არ არის დარჩენილი არცერთი რადიკალი ლიდერი, რომელსაც ძალიან ბილწი სიტყვებით არ ჰყავს გალანძღული ბატონი დონალდ ტრამპი" - ასე პასუხობს მმართველი გუნდი ამერიკულ გამოცემა "ზე ჰილში" მიხეილ სააკაშვილის ავტორობით გამოქვეყნებულ მოსაზრებას. არაერთ სისხლის სამართლის საქმეში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი წერილში საქართველოს ხელისუფლებისა და ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო თანამშრომლობის კონტურებზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ეს ამერიკის პრეზიდენტმა არ უნდა დაუშვას. სააკაშვილი წერილში მხოლოდ საკუთარ მიღწევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოსთან შტატებმა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების პირობებში უნდა ითანამშრომლოს. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს სააკაშვილს და სხვა ოპოზიციონერებს წარსულში გაკეთებული განცხადებები შეახსენეს.

"კლოუნი, მატყუარა, ოლიგარქი, რუსეთთან გარიგებული" - ეს იმ ეპითეტების მცირე ნაწილია, რომლითაც 2020 წელს, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, სააკაშვილი და სხვა ოპოზიციონერები მას მოიხსენიებდნენ.

როდის იყო გულწრფელი მიხეილ სააკაშვილი, 2020 წელს, როდესაც ტრამპს ოლიგარქად მოიხსენიებდა თუ დღეს, როდესაც მას პარტნიორად აცხადებს - ამ კითხვაზე მის პარტიაში პასუხი არ აქვთ. ვერც იმას ხსნიან რატომ აყენებდნენ შეურაცხყოფას ამერიკის პრეზიდენტს მათი კოლეგები. განსხვავებულია გახარიას გუნდის მოსაზრება.

ოპოზიციისა და პერსონალურად სააკაშვილის შეცვლილ რიტორიკას, მორიგ ლუსტრაციად აღიქვამენ მმართველ გუნდში, საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი რომელიც სუვერენიტეტსა და ფასეულობებს იცავს, ლიბერალური ძალების მხრიდან რუსეთის აგენტად ცხადდება. კანონმდებლების თქმით, ეს მოხდა ტრამპის შემთხვევაშიც, მაშინ როდესაც ის ქართული ოპოზიციისთვის თავდასხმის სამიზნე გახდა.

2020 წელს, როდესაც დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან არჩევნებში დამარცხდა, მიხეილ სააკაშვილი და ქართული ოპოზიცია მის დემონიზებას ღიად ცდილობდა. დღეს კი როდესაც ტრამპი ამერიკის 47-ე პრეზიდენტია იგივე პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მას ცივილიზებული სამყაროს ლიდერად მიიჩნევენ.

დღის ამბები