პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა „შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმის“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება, რომელიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, მისასალმებელი სიტყვით გახსნეს: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.
მონაწილეებს ასევე მიმართეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ და ორგანიზაციის „ზენასოფელი" დირექტორმა დავით ახლოურმა.
ღონისძიებაზე ყურადღება ახალგაზრდული პოლიტიკის მნიშვნელობაზე გამახვილდა. აღინიშნა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს ახალგაზრდების განათლება, მათი განვითარება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. ხაზი გაესვა მსგავსი პროექტების მნიშვნელობას რეგიონული განვითარებისთვის.
პროექტი ორგანიზაცია „ზენასოფელმა" ახალგაზრდობის სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა.
პროექტი 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდებმა მიიღეს გორის, კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებიდან.
პროექტის მიზანი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარება, მათი ლიდერული პოტენციალის გამოვლენა და საზოგადოებრივ-სამოქალაქო პროცესებში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა იყო.
ღონისძიების დასასრულს პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმის“ დასკვნით ღონისძიებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პროექტის მონაწილე ახალგაზრდები ესწრებოდნენ.