პარლამენტის თავმჯდომარე ესტონეთის ელჩის მიერ ილიაუნის რექტორისთვის გამოცხადებულ მხარდაჭერას ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს, სწორედ ესტონური მოდელია, ელჩის მხრიდან მასზე თავდასხმა კი ცინიზმია. პირველმა კანონმდებელმა დღეს დიპლომატს ვენის კონვენცია, ესტონეთის მთავრობას კი, საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული მტრული ნაბიჯები შეახსენა.
დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ელჩის, დროებითი წარმომადგენლისა და ილიაუნის რექტორის ერთობლივი ფოტო მხარდამჭერი ტექსტით - "ჩვენ ვდგავართ ილიას უნივერსიტეტის გვერდით" - სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა. ნინო დობორჯგინიძე "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ესტონეთის ელჩის მიერ გამოხატულ მხარდაჭერაში პრობლემას ვერ ხედავს.
ილიაუნის რექტორისა და ოპოზიციის პოზიციები სრულ თანხვედრაშია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ თავადაც ვერ ხვდებიან, რატომ არის პრობლემა დიპლომატის მიერ კონკრეტული პირის მხარდაჭერა.
დეპუტატებმა დღეს ნინო დობორჯგინიძის პოლიტიკური განცხადებები და კონკრეტული პარტიების ღონისძიებაზე მისი სიტყვით გამოსვლაც გაიხსენეს. ესტონეთის ელჩის მიერ ილიაუნის რექტორის მხარდაჭერა საპარლამენტო ჯგუფებისთვის საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას ნიშნავს.
ესტონეთის ელჩის ქმედება და მისი მხრიდან განათლების რეფორმის პოლიტიზება მიუღებელია პრემიერ-მინისტრისთვის. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დაუშვებელია, დიპლომატი ოპოზიციის დღის წესრიგით მოქმედებდეს.
სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია ისიც, რა კავშირი აქვს უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოს განათლების სისტემასთან, თუ მას პოლიტიკური მიზნები არ აქვს. ესტონეთის ელჩი თბილისში მუშაობის ბოლო დღეებს ითვლის. ის დიპლომატიურ საქმიანობას სომხეთში გააგრძელებს.