08 ივნისი 2026,   11:21
ვრცლად
კაკულიებმა წლების წინ მოკლული მამის გამო შური უდანაშაულო ახალგაზრდაზე იძიეს და საკუთარი ნათლიის შვილი სიცოცხლეს გამოასალმეს - როგორ დაიგეგმა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობა

მომავლის ბიჭი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია, პირველი ქართული სოციალური ქსელის, "ფიდსის" შემქმნელი. მისი სიცოცხლე 5 წლის წინ თანატოლებმა შეიწირეს. "ქილერების" შემდეგ, გამოძიებამ შემკვეთებიც დაასახელა.

კრიმინალური ვენდეტა 20 წლის შემდეგ - პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის მოტივი დაასახელა. გამოძიების მტკიცებით, ძმებმა კაკულიებმა მეგობარ ბუსა ჟვანიასთან ერთად, ნიკოს მკვლელობა რამდენიმე თვით ადრე სომხეთში დაგეგმეს. ძმები საქართველოში უკანონო გზით, აგვისტოში შემოდიან.

ჭავჭავაძის გამზირზე საკუთარ ბინას კაკულიებს ბესარიონ ჟვანია უთმობს. გამოძიების ცნობით, "ქილერებთან" კონსპირაციული შეხვედრებიც აქ იმართება. კორპუსის პარკინგზე კამერა აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს არაერთხელ აფიქსირებს - მკვლელობამდე და მკვლელობის დღეს - 2021 წლის 15 სექტემბერს.

კადრებზე ნიკო კვარაცხელიას სიცოცხლის ბოლო წუთებია ასახული. აკო ჭელიძე მას ცეცხლს ზურგიდან უხსნის - მჭიდს ცლის და გარბის. რამდენიმე მეტრში, მანქანით, გიორგი კავილაძე ელოდება. ტერიტორიას ტოვებენ. ნიკო კლინიკაში გადაყავთ - მისი გადარჩენა ვერ ხერხდება.

პოლიცია მკვლელობის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს იწყებს. გამოძიებით დგინდება, რომ სანამ ნიკო სიცოცხლისთვის ჯერ კიდევ იბრძვის, მკვლელები დამკვეთებს ანგარიშს კონსპირაციულ ბინაში აბარებენ. ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკოს ცეცხლი 16:22 საათზე გაუხსნეს. დაახლოებით 20 წუთში კი, კაკულიები ჟვანიას სახლს ტოვებენ. ბუსა ჟვანია ამ დროს ეზოში ძაღლს ასეირნებს, ძმები კი ისე ჩაუვლიან, თითქოს არც იცნობენ.

ვიდეოში, კაკულიების წასვლიდან მალევე, ბუსა ჟვანია მტკიცებულებებს ანადგურებს. იმავეს აკეთებენ კილერი და მოკავშირე. აქ კავილაძე კაკულიებთან საკონტაქტო ტელეფონს ურნაში აგდებს.

მტკიცებულებების მოშორების შემდეგ, ჭელიძე და კავილაძე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე მიდიან - საბოლოოდ კი, წყნეთში, კაკულიების რეგისტრაციის მისამართთან ახლოს, მიტოვებულ სახლში იმალებიან. რამდენიმე კვირაში მათ პოლიცია აკავებს. მოკლულის დედის ინფორმაციით, პოლიციაში მათ ყველაფერი აღიარეს, თუმცა მოგვიანებით დუმილის უფლება გამოიყენეს.

იწყება სასამართლო განხილვები - ისინი ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ, ასახელებენ მკვლელობის ყალბ მოტივს, თითქოს კვარაცხელია, რომელსაც არც კი იცნობდნენ, გოგოს გამო მოკლეს. სასამართლო ამ ვერსიას არ იზიარებს. მოსამართლე კავილაძეს და ჭელიძეს ციხეში 16 და 17 წლით უშვებს.

კაკულიები, როგორც ირკვევა, საქართველოში რჩებიან, თუმცა ისევ კონსპირაციულად ცხოვრობენ. ძმებს ნიკოს მკვლელობიდან 8 თვეში აკავებენ, თუმცა სხვა პირის, სერგო ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის. პოლიცია მათ ბინაში ბუსა ჟვანიას მამის, ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს პოულობს. ახლა კაკულიები 9 წლიან სასჯელს სწორედ ქურთიაშვილის საქმეზე იხდიან. ნიკოს მკვლელობის შეკვეთის ბრალი მათ ლაითურის ციხეში წარუდგინეს.

სასამართლო დარბაზიდან აუდიო ჩანაწერი რამდენიმე დღის წინ მედიამ გაავრცელა. სხდომაზე ძმებმა კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის ბრალი უარყვეს. დარბაზში არც უკვე ძებნილად გამოცხადებული ბუსა ჟვანია იყო - მის ინტერესებს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატები იცავდნენ.

სად არის ბუსა ჟვანია - ცნობილია, რომ შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე ის 5 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გამოიკითხა, მან მხოლოდ კაკულიებთან მეგობრობა დაადასტურა, დანაშაულთან კავშირი კი, უარყო. ბოლოს გამოკითხვაზე რამდენიმე თვის წინ მივიდა.

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე "კურიერი P.S."-თან ინტერვიუში შვილის საფლავზე ბუსა ჟვანიას დედასთან შემთხვევით შეხვედრას იხსენებს. ნინო ჟვანია მისი შვილის ბრალდებულად ცნობას სატელეფონო კომენტარით პასუხობს.

კილერების და შემკვეთების მხილების შემდეგ, - მოკლულის ოჯახი გამოძიებისგან სხვა პირების დასახელებასაც ითხოვს. ცნობილია, რომ ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ჩვენება წყნეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ახლა პატიმრობაში მყოფმა დიმიტრი ქვაჭრელიშვილმაც მისცა.

საქმის პროკურორი პირობას დებს, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება. ბრალდებულებმა შესაძლოა ბედი ნაფიც მსაჯულებს მიანდონ.

დღის ამბები