სამეგრელოში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. რეგიონში ერთდროულად შენდება და რეაბილიტაცია უტარდება სტრატეგიულ, ისტორიულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და საგზაო ობიექტებს. პროექტები თანამედროვე სტანდარტებზეა გათვლილი და ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებული ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი გახდება როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ვიზიტორებისთვის.
სამეგრელოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიზნად ისახავს თანამედროვე, უსაფრთხო და მოქალაქეების საჭიროებებზე გათვლილი გარემოს შექმნას. რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა ახალი სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ნაწილში კი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. პროექტები საკლასო ოთახების, სველი წერტილების, კვების სივრცეების, სპორტული დარბაზების და ადმინისტრაციული სივრცეების განახლებასა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას ითვალისწინებს.
რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ხელმისაწვდომობის გაზრდას. ხობში დაგეგმილია მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, სადაც მოეწყობა საცურაო აუზები, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის სივრცეები. ახალი სტადიონები აშენდება სოფელ სერგიეთში, წალენჯიხასა და აბაშაში.
სამეგრელოში განახლდება ხიდები და წყალმომარაგების სისტემა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდინარე ჩხოუშიაზე ახალი ხიდი შენდება. ძველი კონსტრუქცია ჩანაცვლდება ახალი, 3-მალიანი ხიდით, რომლის სიგრძე 60 მეტრს, ხოლო სიგანე 15 მეტრს შეადგენს. რაც შეეხება სასმელ წყალს, სენაკში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება. პროექტის დასრულების შემდეგ, 4 ათასამდე ბენეფიციარი უწყვეტი, 24-საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამუშაოების ღირებულება 51 მილიონ ლარზე მეტია.
ზღვისპირა რეგიონში დაგეგმილია რეკრეაციული სივრცეების განვითარებაც. ფოთში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 9 აპრილის ხეივანს, სადაც მოეწყობა ხემცენარეების მოვლისთვის აუცილებელი საინჟინრო ინფრასტრუქტურა და ადაპტირებული დასასვენებელი ზონები. პარალელურად, მიმდინარეობს ანაკლიისა და განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის განახლების პროექტი. 66.5 ჰექტარ ტერიტორიაზე ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა.
სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი წელს დასრულდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი და თანამედროვე ობიექტები ადგილობრივებისთვის დამატებით კომფორტულ გარემოს შექმნის, რეგიონი კი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.
ავტორი: ირაკლი კოშაძე