თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა და დაცვის მხარემ მოწმეების დაკითხვა დაიწყო.
დღევანდელ პროცესზე რომეო მიქაუტაძის მეუღლე დაიკითხა.
რომეო მიქაუტაძე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
"სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევა - დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, გამოკვლეულ იქნა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები. ბრალდების მხარეს იმედი აქვს, რომ სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და ცნობს რომეო მიქაუტაძეს დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში. ასევე, დღეს დაცვის მხარემ დაიწყო თავისი მოწმეების წარმოდგენა და დაკითხულ იქნა რომეო მიქაუტაძის მეუღლე. მან ისაუბრა ოჯახის შემოსავლებზე, თუმცა, ვერცერთი პასუხი ვერ გასცა იმ კითხვებს, თუ რა ხარჯები ჰქონდა ამ ოჯახს, რომ ზოგადად, წარმოდგენა გვქონდეს, ამ პერიოდში გაიზარდა მისი ქონება, თუ დაიკლო. ჩვენ, რევიზიით დადგენილი გვაქვს, რომ ამ პერიოდში, შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით, მისი ოჯახი უსაფუძვლოდ გამდიდრდა," - აცხადებს პროკურორი ირაკლი მარშანია.