09 აგვისტო 2026,   10:23
ვრცლად
"გიორგი გახარიას მიერ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს აღმართვას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საპასუხო ქმედებები, რამაც სამხედრო ესკალაციის საფრთხე შექმნა" - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. გამოძიების ინფორმაციით, გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

როგორც ბრალდება განმარტავს, აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს.

"მოცემულ შემთხვევაში, გიორგი გახარიას მიერ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს აღმართვას მოჰყვა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საპასუხო ქმედებები, რამაც სამხედრო ესკალაციის საფრთხე შექმნა და სწორედ, აღნიშნულის დემონსტრირებისთვის, ბრალდებულის მხარეს წარდგენილი ჰქონდა კონკრეტული მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სასამართლომ იმსჯელა როგორც მტკიცებულებების დასაშვებობის ნაწილზე, ასევე გადასინჯა გიორგი გახარიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

მოგეხსნებათ, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება როგორც ფაქტობრივი საფუძვლების, ისე ფორმალური საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სხდომაზეც სახეზე იყო, რომ არსებობდა საქმეში ფაქტობრივი საფუძვლები. შესაბამისად, დღეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა, ასევე დაუშვა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები," - ამბობს პროკურორი, თამარ იაკობიძე.

 

.

დღის ამბები