18 ივნისი 2026,   22:48
ვრცლად
მსოფლიო ელიტის ბნელი მხარე ეპშტეინის ფაილებში

რაც მოხდა ეპშტეინის კუნძულზე, არ დარჩა იქ - ცნობილი ამერიკული გამონათქვამი "რაც ხდება ვეგასში, რჩება ვეგასში" არ გამართლდა ამერიკელი ფინანსისტისა და ბიზნესმენის, ჯეფრი ეპშტეინის შემთხვევაში.

ტრეფიკინგის კუნძულზე მომხდარი საშინელებების შესახებ, წლების დაგვიანებით, თუმცა მაინც, მთელმა მსოფლიომ გაიგო.

მსოფლიომ არა მხოლოდ გაიგო, არამედ სკანდალმა სამეფო ოჯახების წევრებისა და  სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირების კარიერა შეიწირა. ზოგიერთი გავლენიანი პირის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიებაც. 

ამის მიზეზი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ეპშტეინის ფაილებია - სამ მილიონზე მეტი გვერდი, ორი ათასი ვიდეო და 180 ათასი ფოტო.

ფოტოებში, ვიდეოებსა და დოკუმენტებში მსოფლიო ელიტის ბნელი მხარე ჩანს. კადრებში ჩანან და ეპშტეინის პირად მიმოწერაში ფიგურირებენ მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, მილიარდერი ბიზნესმენები, დიპლომატები, მაღალი თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, მომღერლები, მეცნიერები, ფილოსოფოსები და სხვა გავლენიანი ფიგურები.

თუმცა, ნიშნავს თუ არა ფოტოებში გამოჩენა ან მიმოწერა იმას, რომ ისინი ეპშტეინის თანამზრახველები იყვნენ? 

ზუსტად ამის გარკვევას ცდილობს ახლა საზოგადოების ნაწილი - როგორც ჟურნალისტები, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც სამ მილიონზე მეტ დოკუმენტს სწავლობენ და ცდილობენ იმის გარკვევას, ვინ და რა დოზით იყო დაკავშირებული კრიმინალ ფინანსისტთან. 

იურიდიული პასუხისმგებლობა ერთია, მორალური - მეორე.

საზოგადოება გავლენიან ადამიანებსა და აზრის ლიდერებს ეპშტეინთან ურთიერთობის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს, თუნდაც სამართლებრივი მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ ამჟამად არ არსებობდეს. 

რა მოხდა ეპშტეინის დოსიის გამოქვეყნების შემდეგ?

ენდრიუ უინძორმა, უკვე ბრიტანეთის ყოფილმა პრინცმა, სტატუსი დაკარგა, ბილ და ჰილარი კლინტონებს კონგრესში ჩვენების მისაცემად ელოდებიან. 

მინისტრებს თანამდებობებიდან ხსნიან. 

იწყება გამოძიებები სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი მინისტრებისა და ელჩების წინააღმდეგ. 

შესაბამისად, ჩნდება კითხვა - რა წერია ამ დოსიეში ისეთი, რომ გავლენიან ადამიანებს მათი ძალაუფლების მიუხედავად, კარიერა და რეპუტაცია ენგრევათ?

კონკრეტულად ვინ და რა ფორმით იყო დაკავშირებული იმ მოვლენებთან, რომლებიც საშინელებათა ფილმებშიც კი რთული წარმოსადგენია? 

განსაკუთრებით საინტერესოა ქართველების საკითხიც:

ვინ და როგორ მოხვდა ეპშტეინის დოსიეში საქართველოდან?

  • რატომ არის დოკუმენტებში ნახსენები მიხეილ სააკაშვილისა და კახა ბენდუქიძის გვარები?

  • რა კავშირი ჰქონდა ელენა ქანთარიას კრიმინალ ეპშტეინთან, რომელიც მას მელიტონ ქანთარიას შვილიშვილად გაეცნო?

  • რა ურთიერთობა აკავშირებდა ქართველ ბიზნესმენ ზურაბ მიქელაძეს ამერიკელ ბიზნესმენ ჯეფრი ეპშტეინთან?

ყველაფერს ეტაპობრივად მოგიყვებით. დავიწყოთ თავიდან.

ვინ იყო ჯეფრი ეპშტეინი და რა ჩაიდინა მან?

ეპშტეინს ერთხელ ჰკითხეს, ეშმაკი ხომ არ ხარო. მან უპასუხა: არა, ეშმაკი არ ვარ, მაგრამ მისი სარკე ვარო. 

იყო ეშმაკი თუ ეშმაკის სარკე - ეს შეფასებებია, რომელსაც შეიძლება დაეთანხმო ან უარყო, თუმცა ვერავინ უარყოფს იმას, რაც მან საკუთარ იზოლირებულ კუნძულზე ჩაიდინა. 

ეპშტეინი კუნძულს იყენებდა სექსუალური ძალადობისთვის, რომელიც შენიღბული იყო "უწყინარი მასაჟების სეანსებად". 

გავრცელებული ინფორმაციით, იქ ტარდებოდა სატანისტური რიტუალებიც. საუბრობენ კანიბალიზმზეც, თუმცა ოფიციალური გამოძიება ამას არ იძიებს. 

ამ ეტაპზე ისმის მხოლოდ კითხვები. შეკითხვები პასუხებზე მეტია. 

ეპშტეინს თავისი იმპერია მარტო არ აუშენებია. მან შექმნა ელიტური სოციალური წრე, რომელშიც შედიოდნენ სამყაროს ყველაზე გავლენიანი ადამიანები. მათ ეპშტეინი ხშირად ეპატიჟებოდა კუნძულზე გამართულ წვეულებებზე. 

"გართობა" ყველასთვის სხვადასხვანაირად გამოიყურებოდა. ეპშტეინი და მისი გარემოცვა იყენებდნენ კოდურ სიტყვას "მასაჟს", რაც რეალურად გაუპატიურებას ნიშნავდა. 

მას ჰყავდა ე.წ. სკაუტები - ადამიანები, რომლებიც მისთვის მსხვერპლ გოგონებს ეძებდნენ და კუნძულზე იტყუებდნენ - თითქოს მასაჟისტებად. ამ ქსელს ხელმძღვანელობდა გისლეინ მაქსველი, ეპშტეინის პარტნიორი. გოგონებს კარიერას ჰპირდებოდა, მაგრამ სექსუალური მონობისთვის განწირული დაუცველი, ახალგაზრდა გოგონები როგორც კი კუნძულზე ფეხს დაადგამდნენ ეს კუნძული მათთვის ციხედ იქცეოდა - ისინი კი ეპშტეინის პატიმრები ხდებოდნენ. 

მათ ართმევდნენ პასპორტებს და სრულ იზოლაციაში ამყოფებდნენ.  

ფოტო: გისლეინ მაქსველი და ჯეფრი ეპშტეინი

გოგონების პატიმრობა 2019 წელს დასრულდა, ეპშტეინის კი დაიწყო.

2019 წლის ივლისში ფინანსისტი ტრეფიკინგისა და პედოფილიის ბრალდებით დააკავეს. სულ რაღაც ერთ თვეში, ყველაზე დაცულ ციხეში, საკუთარ საკანში გარდაცვლილი იპოვეს. 

ოფიციალური ვერსიით, მან  თავი მოიკლა. 

ამ ვერსიის თითქმის არავის სჯერა. 

არსებობს ეჭვი, რომ ის იმ გავლენიანმა ადამიანებმა "გააჩუმეს", რომელზეც მას კომპრომატები ჰქონდა. 

ვინ არიან ეს ადამიანები? ვინ შეუკვეთა ეპშტეინის სიკვდილი? ეს არავინ იცის, თუმცა ვიცით იმ ადამიანების სახელი და გვარები, რომლებიც მას პირდაპირ თუ ირიბად ემეგობრებოდნენ. 

სია ვრცელია. 

ვისი სახელი და გვარები ფიგურირებს ეპშტეინის ფაილებში და რას ნიშნავს ეს მათთვის?

დონალდ ტრამპი, ამერიკის 47-ე პრეზიდენტი

სია მისით არ იწყება, თუმცა ეპშტეინის მიმოწერებში დაახლოებით 5000-ჯერ  არის ნახსენები ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი და მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 

დოსიეში ფიგურირებს დონალდ ტრამპისა და ეპშტეინის საერთო ფოტოები, ასევე ტრამპის ფოტოები, რომლებშიც ის ქალბატონებთან ერთად არის წარმოდგენილი.  

ამერიკის პრეზიდენტი ამ ფოტოების არსებობას აქამდეც არ უარყოფდა. 

მისი განმარტებით, ფოტოებში განსაკუთრებული არაფერია და მის წინააღმდეგ რეალური კომპრომატები რომ არსებობდეს, დემოკრატები მათ უკვე დიდი ხნის წინ გამოიყენებდნენ მის წინააღმდეგ.

იურისტების განმარტებით კი, ტრამპის ფოტოები ეპშტეინთან ან ქალბატონებთან არ ნიშნავს რომ ამერიკის პრეზიდენტი ეპშტეინის დანაშაულის თანამონაწილეა.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტი არ უარყოფს, რომ ეპშტეინთან ერთ დროს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ მათი მეგობრობა დიდი ხნის წინ, დაახლოებით 20 წლის წინ დასრულდა. 

 

დონალდ ტრამპი: მე არ მინახავს ფოტოები, რომელიც გამოქვეყნდა, მაგრამ ყველა იცნობდა ეპშტეინს. მას თითქმის ყველასთან აქვს გადაღებული ფოტო. ასობით ადამიანია, ვისაც მასთან ფოტო აქვს. ასე რომ, ეს ფოტოები ბევრს არაფერს ნიშნავს.

".. ვფიქრობ, ნამდვილად დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს. ახლა იცით, რომ ჩემ შესახებ არაფერი გამოვლენილა, გარდა იმისა, რომ ეს იყო ეპშტეინისა და სხვა ადამიანების შეთქმულება ჩემ წინააღმდეგ. "

ბილ კლინტონი, ამერიკის 42-ე პრეზიდენტი

ეპშტეინის დოსიეში მხოლოდ ერთი პრეზიდენტი არ არის მოხსენიებული. ამ ისტორიაში ფიგურირებს ამერიკის ორი პრეზიდენტი - მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

გასაჯაროებულ მილიონობით დოკუმენტში კლინტონების სახელი მრავალჯერ არის ნახსენები - როგორც ბილ კლინტონის, ასევე მისი მეუღლისა და ყოფილი სახელმწიფო  მდივნის ჰილარი კლინტონის სახელები. 

დოკუმენტებში ფიგურირებს არა მარტო მათი სახელები, არამედ ფოტოსურათებიც. 

ერთ ფოტოზე ბილ კლინტონი ჯაკუზშია, მეორეში კი აუზში იმყოფება სახედაფარულ ქალბატონთან ერთად, რომელზეც მედია სავარაუდო მსხვერპლად საუბრობს. ამავე ფოტოზე ჩანს გილეინ მაქსველიც - ეპშტეინის ყოფილი პარტნიორი, რომელიც დღეს ციხეში 20-წლიან სასჯელს იხდის არასრულწლოვანთა სექსუალური ტრეფიკინგისთვის.

 

ფოტო: ბილ კლინტონი აუზში გილეინ მაქსველთან და სავარაუდო მსხვერპლთან ერთად

ფოტო: ბილ კლინტონი ჯაკუზში

პრე­ზი­დენტ ბილ კლინ­ტო­ნის სა­ხე­ლი სა­სა­მარ­თლოს რამ­დე­ნი­მე დო­კუ­მენ­ტშიც ფი­გუ­რი­რებს, თუმ­ცა მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბე­ბი ოფიციალურად არ არ­სე­ბობს. 

ექსპრეზიდენტის გვარი არაერთხელ არის მოხსენიებული ეპშტეინის კუნძულის მიმართულებით შესრულებული კერძო რეისების სიებშიც. თავად კლინტონი უარყოფს, რომ იცოდა ეპშტეინის სექსუალური ხასიათის დანაშაულების შესახებ.

მიუხედავად ამ უარყოფისა, კონგრესმენები უკვე რამდენიმე თვეა მოითხოვენ როგორც ბილ, ისე ჰილარი კლინტონის დაკითხვას ზედამხედველობის კომიტეტში. 

კანონმდებლებს სურთ გაარკვიონ, იცოდნენ თუ არა ცოლ-ქმარმა იმ დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რომელსაც ეფშტეინი ხელმძღვანელობდა. იგულისხმება ადამიანების ტრეფიკინგი პროსტიტუციის მიზნით.

BBC-ის ინფორმაციით,  ნახევარწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ბილ და ჰილარი კლინტონები კონგრესში ეპშტეინის საქმეზე ჩვენების მიცემას დათანხმდნენ.

კლინტონები ზედამხედველობის კომიტეტში იანვარში დაიბარეს, გამოუცხადებლობის გამო კი მათ სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრებოდათ. 

კონგრესისადმი უპატივცემულობის მუხლით ბილ კლინტონისთვის ბრალის წაყენების საკითხზე კენჭისყრა კომიტეტში რამდენიმე დღეში უნდა გამართულიყო, თუმცა კლინტონებმა ამჯერად კონგრესში გამოცხადებაზე თანხმობა განაცხადეს.

ჯერ არ ვიცით თუ როდის წარდგებიან კლინტონები კონგრესის წინაშე, თუმცა საინტერესო ფაქტია, რომ ბილ კლინტონი იქნება ჯერალდ ფორდის შემდეგ პირველი ექსპრეზიდენტი, რომელიც გამოძიების ფარგლებში კონგრესს ჩვენებას მისცემს. 

ენდრიუ უინძორი, ყოფილი პრინცი, ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ III-ის ძმა 

ამ სკანდალმა მხოლოდ ამერიკის პოლიტიკური ელიტა არ შეარყია. სკანდალი გადაწვდა ოკეანის მიღმა არსებულ ბრიტანეთის სამეფო ოჯახსაც.

ენდრიუ უინძორი პრინცი აღარ არის. მიზეზი ერთ-ერთი არასრულწლოვანი მსხვერპლის მემუარებია, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა და პრინცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 

მემუარებში, რომელიც მსხვერპლის თვითმკვლელობის შემდეგ გამოქვეყნდა, ვირჯინია რობერტსი წერს რომ მაშინ 17 წლის იყო. ის ეპშტეინთან მასაჟისტად მუშაობდა. 

მისი თქმით, ეპშტეინის კუნძულის ერთ-ერთი ხშირი სტუმარი  იყო ელისაბედ მეორის შვილი, პრინცი ენდრიუ, რომელიც მასზე კუნძულზე ყოფნისას სექსუალურად ძალადობდა.

 

ფოტო: ენდრიუ უინძორი მსხვერპლთან და გისლეინ მაქსველთან ერთად  

პრინ­ცი ენ­დრიუ ეპშტეინთან დაკავშირებულ სკან­დალ­ში პირ­ვე­ლად 2015 წელს გა­ეხ­ვა, რო­დე­საც ვირ­ჯი­ნია რო­ბეტსმა ამერიკელ ფინანსისტს, ჯეფრი ენშტეინს უჩივლა. ვირჯინია მაშინაც ამ­ტკი­ცებდა რომ ეპშტეინი მას აი­ძუ­ლებ­და მდი­დარ და ცნო­ბილ მე­გობ­რებ­თან სექ­სუალური კავშირის დამყარებას და მათ შო­რის იყო პრინ­ცი ენ­დრი­უც.

ენდრიუ უინძორი დღემდე უარყოფს ბრალდებებს და ამბობს რომ ის უდანაშაულოა. 

თუმცა, ეპშტეინის არქივიდან ახლახან გამოქვეყნებულმა ფოტოებმა კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა. 

 

ფოტო: ყოფილი პრინცი ენდრიუ ეპშტეინის ერთ-ერთ წვეულებაზე 

კადრებში ჩანს უკვე ყოფილი პრინცი ენდრიუ მუხლებზე მდგომი, მის წინ კი იატაკზე მწოლიარე უცნობი ქალი. ქალის სახე დაფარულია. როგორც წესი, ასეთ დოკუმენტებში მსხვერპლის იდენტობა ყოველთვის დამალულია. ამ ეტაპზე უცნობია, როდის, სად და რა გარემოებებში გადაიღეს აღნიშნული ფოტოები.

 

ფოტო: ყოფილი პრინცი ენდრიუ უინძორი იატაკზე ქალთან  ერთად

ამ ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა. მისი თქმით, ბრიტანეთის მეფის, ჩარლზის ძმამ - ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორმა - ე.წ. ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის კონგრესის წინაშე ჩვენება უნდა მისცეს.

პიტერ მენდელსონი გაერთიანებული სამეფოს ყოფილი მინისტრი

ეპშტეინის საქმეში ფიგურირებენ არა მხოლოდ მონარქიის წარმომადგენლები. სკანდალი ბრიტანეთის პოლიტიკურ ელიტასაც შეეხო - მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას, პიტერ მენდელსონს.

ჯეფრი ეპშტეინის მასალების გასაჯაროების შემდეგ გაირკვა, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი აშშ-ში და ლორდი პიტერ მენდელსონი მეგობრობდა და ახლო კონტაქტში იყო სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ ფინანსისტთან.

ბრიტანული მედიის გამოძიების მიხედვით, მენდელსონმა 2009 წელს, ბიზნესის მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს, ეპშტეინს დიდი ბრიტანეთის მთავრობის შიდა დოკუმენტი გაუგზავნა. დოკუმენტის გადაცემის ფაქტზე ბრიტანეთის პოლიციამ მენდელსონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

დოკუმენტების თანახმად, 2003 და 2004 წლებში ეპშტეინმა მენდელსონს თანხა სამჯერ გადაურიცხა - ჯამში 75 ათასი დოლარი.

მენდელსონმა ბრალდებები უარყო და დამოუკიდებელი გამოძიების დაწყება დაანონსა, თუმცა ამასთან ერთად გადაწყვიტა რომ მას ლეიბორისტული პარტია დატოვოვებინა. 

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ბოდიში მოიხადა ამერიკაში ელჩად პიტერ მენდელსონის დანიშვნის გამო.

კირ სტარმერი: „ბოდიში, რომ დავიჯერე მენდელსონის სიცრუე და დავნიშნე ის. ბოდიში, რომ ახლაც კი, იძულებული ხართ, უყუროთ, როგორ საჯაროვდება ეს ისტორია ხელახლა. მენდელსონის ქცევასთან დაკავშირებით სერიოზული ბრალდებები და მტკიცებულებებია. მათ შორის, ურთიერთობა ეპშტეინთან, სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებულთან. უკვე ცნობილია, რომ მენდელსონი იცნობდა ეპშტეინს, მაგრამ არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა ამ ურთიერთობის სიღრმე. რაც გაცხადდა და რაც მისი დანიშვნის დროს ცნობილი არ იყო, ამან სერიოზული კითხვები გააჩინა “

ბილ გეიტსი, Microsoft-ის დამფუძნებელი და მილიარდერი

ეპშტეინის გავლენიან წრეში აღმოჩნდნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და დიპლომატები. სკანდალი შეეხო გლობალური ბიზნესისა და ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურასაც - ბილ გეითსს.

აქამდეც ცნობილი იყო რომ ბილ გეიტს ეპშტეინთან მეგობრობა აკავშირებდა. მედია წერდა, რომ ეს ურთიერთობა ბილ და მელინდა გეიტსების განქორწინების ერთ-ერთ მიზეზი იყო. 

ეპშტეინის ელექტრონულ ფოსტაში აღმოაჩინეს ორი წერილი, დათარიღებული 2013 წლის ივლისით. 

ამ წერილებში ეპშტეინი წუხს, რომ გეიტსმა გაწყვიტა მასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად, მაშინ როცა ურთიერთობის განმავლობაში ეპშტეინს გეიტსისთვის ყველაზე ინტიმური თხოვნებიც კი ჰქონდა შესრულებული - მაგალითად როგორიცაა მედიკამენტების მოპოვება „რუს გოგონებთან სექსის შედეგებთან გასამკლავებლად“.

 

ფოტო: ეპშტეინის ფაილებიდან, ბილ გეიტსი ახალგაზრდა გოგონასთან ერთად

ბილ გე­იტ­სმა ამ ყველაფერს "აბ­სო­ლუ­ტუ­რად აბ­სურ­დული" უწო­და.

გე­იტ­სი უკვე წლე­ბია ამ­ტკი­ცებს, რომ მას არ ჰქო­ნია ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჯეფ­რი ეპშ­ტე­ინ­თან და მასთან მხო­ლოდ "რამ­დე­ნი­მე ვახ­შა­მი" აკავ­ში­რებ­ს. ზუსტად ამ ვახშმის დრო­ს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ისინი საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, თუმ­ცა ეს პრო­ექ­ტი ვერ შედ­გა.

 

ფოტო: ბილ გეიტსი და ჯეფრი ეპშტეინი

ელონ მასკი, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი

ეპშტეინის საქმეში კითხვები მხოლოდ ერთი მილიარდერის მიმართ არ ჩნდება. სკანდალში ფიგურირებს კიდევ ერთი ტექნოლოგიური გიგანტის სახელი - ელონ მასკი.

აქამდე Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელს არაერთხელ უთქვამს, რომ მან ეპშტეინი დაბლოკა მას შემდეგ რაც ფინანსისტმა ის კუნძულზე მიიწვია. თუმცა არქივში არსებული დოკუმენტების მიხედვით, მასკი თავად იყო ინიციატორი კუნძულზე მოხვედრის. 

დოკუმენტების თანახმად, მასკი ეპშტეინს ეკითხებოდა, როდის და როგორ შეეძლო კუნძულზე მოხვედრა. ერთ-ერთ ელექტრონულ წერილში, რომელიც 2012 წლის ბოლოს არის გაგზავნილი, მილიარდერი ეკითხება ეპშტეინს, როდის იგეგმება „ყველაზე გიჟური წვეულება მათ კუნძულზე“ და აზუსტებს, რომ გეგმავს ჩასვლას მეუღლესთან, ტალულა რაილსთან ერთად.

ამ მიმოწერაში არ ჩანს, ჩავიდა თუ არა ილონ მასკი საბოლოოდ კუნძულზე.

ელონ მასკი: „ეპშტეინის კუნძულზე არასდროს ვყოფილვარ. დოკუმენტებში ჩემი სახელის მოხსენიება დანაშაულში მონაწილეობას არ ნიშნავს.“

ფოტო: ელონ მასკი და ეპშტეინის თანამზრახველი გილეინ მაქსველი

ვლადიმერ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

ეპშტეინის საქმე აერთიანებს გავლენის სხვადასხვა ცენტრებს - მილიარდერებიდან მსოფლიო ლიდერებამდე. შემდეგი სახელი ამ სიაში ვლადიმერ პუტინია.

ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ვლადიმერ პუტინის სახელი ათასზე მეტჯერ ფიგურირებს. ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ეპშტეინმა რამდენჯერმე სცადა პუტინთან შეხვედრის ორგანიზება ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მაშინდელი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მეშვეობით.

ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათ შორის შეხვედრა რეალურად შედგა, თუმცა დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ეპშტეინს რუსეთის ლიდერთან კონტაქტის დამყარების მცდელობები ჰქონდა.

ერთ-ერთ წერილში, რომელიც 2013 წლის მაისით არის დათარიღებული, ეპშტეინი იაგლანდს წერს:

„ვიცი, რომ პუტინს 20-ში შეხვდებით. ის აქტიურად ცდილობს დასავლური ინვესტიციების მოზიდვას საკუთარ ქვეყანაში. სიამოვნებით შევხვდებოდი მას ივნისში. ვფიქრობ, ეს თქვენი მიზნებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა.“

კიდევ ერთ წერილში, რომელიც 2015 წლით თარიღდება, ეპშტეინი იაგლანდს ეუბნება:
„მაინც მსურს პუტინთან შეხვედრა და ეკონომიკაზე საუბარი. ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება.“

ეპშტეინის ფაილების გასაჯაროების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვაზე კრემლში განაცხადეს, რომ ჯეფრი ეპშტეინისგან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თაობაზე არანაირი ოფიციალური შეთავაზება არ მიუღიათ.

მეტე-მარიტი, ნორვეგიის პრინცესა

სკანდალი სკანდინავიის სამეფო ოჯახსაც შეეხეო.

ნორვეგიის მემკვიდრე პრინცესის, მეტე-მარიტის სახელი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ათასზე მეტჯერ არის ნახსენები.

ელექტრონული მიმოწერიდან ირკვევა, რომ ისინი შეხვედრებს განიხილავდნენ და სადღესასწაულო მილოცვებს ცვლიდნენ. მეგობრული მიმოწერა, რომელიც 2011–2014 წლებში გრძელდებოდა, აჩვენებს, რომ მეტე-მარიტი ეპშტეინს „მომხიბვლელს“ და „საყვარელს“ ეძახდა.

ერთ-ერთ წერილში პრინცესა ეპშტეინს ეკითხება, შეუფერებელი ხომ არ იქნებოდა დედისთვის, 15 წლის ვაჟისთვის ეკრანის ფონად ორი შიშველი ქალის ფოტო დაეყენებინა.

მეტე-მარიტი, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ ეპშტეინთან ურთიერთობა 2013 წელს შეწყვიტა, ახლა ამ ურთიერთობას „სამარცხვინოს“ უწოდებს და ეფშტეინის მსხვერპლებს საჯაროდ სოლიდარობას უცხადებს. 

ვლადიმირ ნაბოკოვი, მწერალი

ჯეფრი ეპშტეინი ინტერესდებოდა ნაბოკოვის შემოქმედებით. ის იყო მისი წიგნების მოყვარულთა საზოგადოების წევრი, იღებდა შეტყობინებებს ნაბოკოვის შესახებ გამართულ კონფერენციებზე და კონსულტაციას გადიოდა ნაბოკოვის შემოქმედების წამყვან სპეციალისტთან, ბრაიან ბოიდთან.

ეპშტეინის გასაჯაროებულ მასალებში გამოქვეყნებულ ზოგიერთ ფოტოზე ასახულია ქალის შიშველი სხეული, ციტატებით ნაბოკოვის რომანიდან "ლოლიტა“. 

ფოტო: ეპშტეინის ფაილებიდან

ქართველებიდან ვინ და როგორ არის ნახსენები ეპშტეინის ფაილებში?

მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე

საინტერესოა, რომ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ასევე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, კახა ბენდუქიძის გვარებიც.

ერთ-ერთ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ილუზიონისტი დევიდ ბლეინი ქალისთვის, რომლის სახელი და გვარი დაფარულია, ვიზის განაცხადთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს. საკუთარი თავის წარდგენისას ბლეინი წერს, რომ ის ცნობილი ილუზიონისტია, რომელსაც გავლენიანი ადამიანებისთვის აქვს წარმოდგენები გამართული - მათ შორის, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის.

რაც შეეხება კახა ბენდუქიძეს, სხვა წერილში აღნიშნულია, რომ იგი შეხვდა ეპშტეინთან დაკავშირებულ გარემოცვას. ბენდუქიძე დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი. შეხვედრას ესწრებოდნენ დოქტორი იარეცკი და ჯიმ მილერი. შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ იარეცკი და მილერი ბენდუქიძეს შეხვდნენ და დაინტერესებულნი იყვნენ, სურდა თუ არა ვინმე დუგლას ჰეპვორტს ამ შეხვედრაზე დასწრება.

ელენა ქანთარია მოდელი

ელენა ქანთარია რუსეთში მოდელად მუშაობდა. ჯეფრი ეპშტეინთან პირადი მიმოწერა მას 2017–2019 წლებში ჰქონდა. მანამდე, სანამ ამერიკელ ფინანსისტს დააკავებდნენ.

ელენა მილიარდერს გაეცნო როგორც მეორე მსოფლიო ომის გმირის, მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი და მას საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას სთხოვდა.

2019 წლის 5 მარტს ელე­ნა ეპშ­ტე­ინს სწერს:

"ბა­ბუ­ა­ჩემ­მა რა­იხსტაგ­ზე დრო­შა აღ­მარ­თა"

 "ის­რა­ე­ლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში მივფრი­ნავ. ვა­პი­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე შე­ვი­ტა­ნო გა­ნა­ცხა­დი“.

ფოტო: ელენა ქანთარია

მიმოწერიდან ჩანს, რომ მოდელი ხშირად სთხოვდა ფინანსურ დახმარებას ამერიკელ ფინანსისტს და ეპშტეინი ამ თხოვნებს აკმაყოფილებდა. ერთ-ერთი ასეთი თხოვნა იყო ელენასთვის საქართველოში ბინის დაქირავება იმ პერიოდში, სანამ ის მოქალაქეობას მიიღებდა. მიმოწერაში ელენა ეპშტეინს ასევე წერს, რომ ის დაესიზმრა. ეს წერილები 2019 წლით არის დათარიღებული.

2019 წლის მაისში ისინი სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ. ორ თვეში, 2019 წლის 6 ივლისს, ჯეფრი ეპშტეინი ნიუ-იორკის აეროპორტში დააკავეს სექს-ტრეფიკინგის ბრალდებით. ამის შემდეგ ელენა ქანთარია ქრება სამოდელო ინდუსტრიიდან და სოციალურ ქსელებიდან, მაგრამ არა ეპშტეინის დოსიედან. 

არის თუ არა ელენა ქანთარია მელიტონ ქანთარიას ნათესავი? 

არა. 

ქართულ მედიაში ელენა ქანთარიაზე გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მელიტონ ქანთარიას ქალიშვილი დაუკავშირდა მედიას და განაცხადა, რომ არ იცის, ვინ არის ეს ადამიანი. მისი თქმით, ელენა ქანთარია თავს მელიტონ ქანთარიას შვილიშვილად ასაღებდა.

ციალა ქანთარია: მა­მა­ჩე­მი ჯვარ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. არა­ვინ არ გვყავს რუ­სეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, თან სა­მა­რა­ში. ადრე ერთი ბი­ჭიც იჩე­მებ­და მე­ლი­ტონ ქან­თა­რი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი ვარო, მა­შინ ვუ­თხა­რი, რომ თუ არ უარ­ყოფ­და, სა­ჯა­როდ გან­ცხა­დე­ბას გა­ვა­კე­თებ­დი. ჩემი შვი­ლე­ბი არ ახ­სე­ნე­ბენ ისე ხში­რად ვისი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან, რო­გორც სხვე­ბი იჩე­მე­ბენ.

ზურაბ მიქელაძე ბიზნესმენი

სენატში ჩვენების მიცემისას დემოკრატმა კონგრესმენმა რო ხანამ ეპშტეინის საქმის ის მასალები გაასაჯაროვა, რომლებიც აქამდე რედაქტირებული იყო და საჯაროდ არ იძებნებოდა. ამ დოკუმენტებში ნახსენებია ექვსი ბიზნესმენი, მათ შორის ქართველი ზურაბ მიქელაძე.

სხვა ფიგურებს შორის არიან Victoria’s Secret-ის დამფუძნებელი ლესლი „ლეს“ ვექსნერი, DP World-ის აღმასრულებელი დირექტორი და არაბთა გაერთიანებული საამიროების მილიარდერი ბიზნესმენი სულთან აჰმედ ბინ სულაიმი და სხვა გავლენიანი ბიზნესმენები.

ამ ეტაპისთვის უცნობია, რა აკავშირებდა კონკრეტულად ზურაბ მიქელაძეს ჯეფრი ეპშტეინთან. თუმცა საყურადღებოა, რომ მისი და სხვა ბიზნესმენების სახელები ამ დოკუმენტებში თავდაპირველად დაფარული იყო და დემოკრატი კონგრესმენის მიერ მასალების გასაჯაროების გარეშე საზოგადოება ვერც კი გაიგებდა, რომ ამ ექვს გავლენიან ბიზნესმენს ეპშტეინთან რაიმე კავშირი ჰქონდათ.

რჩება კითხვა - რატომ მიიჩნია იუსტიციის დეპარტამენტმა საჭიროდ მათი ვინაობის დაფარვა?

კითხვები, რომლებიც პასუხის გარეშე დარჩა

მსხვერპლთა ოჯახის წევრები სამართალს ითხოვენ. ადამიანი, ვისაც სამართლის წინაშე პასუხი უნდა ეგო, აღარ არის - ეპშტეინი 2019 წელს ციხეში გარდაიცვალა. თავი მოიკლა თუ მისმა გავლენიანმა "მეგობრებმა" მოკლეს - ეს დღემდე უცნობია. 

თუმცა რჩება მთავარი კითხვა: არიან თუ არა უდანაშაულო ის გავლენიანი და ცნობილი ადამიანები, რომლებიც ეპშტეინის კუნძულზე გამართულ წვეულებებს ესწრებოდნენ? დღეს მათ შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდეთ საკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო, მაგრამ მორალური პასუხისმგებლობის საკითხი მაინც ღიად დგას. 

რამდენად თავისუფლები არიან ეს ადამიანები მორალური პასუხისმგებლობისგან? რამდენად დამაჯერებელია, რომ მათ არ იცოდნენ რა ხდებოდა ეპშტეინის კუნძულზე? რატომ არ შეწყვიტეს ურთიერთობა კრიმინალთან 2008 წლის შემდეგ, როცა ეპშტეინს არასრულწლოვნებზე ძალადობისთვის 13-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს?

მეილები, რომელსაც ჯეფრი ამ ადამიანებს უგზავნიდა 2011- 2018 წლებით თარიღდება. რატომ აგრძელებდნენ ისინი სექსუალურ მოძალადესთან საქმიან და პირად ურთიერთობებს იმ დროს, როცა მისი წარსული ყველასთვის კარგად იყო ცნობილი?

კითხვები ღიაა, პასუხები კი არ ისმის. 

მათი დუმილის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია - ის რაც ეფშტეინის კუნძულზე მოხდა, ვეღარ დაიმალა. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი საბოლოოდ გაცხადდა.

კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ არ გამქრალა. უფრო მეტიც - რაც უფრო მეტი ადამიანი კითხულობს ეპშტეინის დოსიეს, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება ფინანსისტისა და მისი გავლენიანი მეგობრების მისამართით. მაგალითად, რას ნიშნავს "ჯერკი" (jerky), რომელსაც თავად ეპშტეინი ასე ხშირად ახსენებს მეილებში? ეპშტეინის კუნძული მხოლოდ ტრეფიკინგს უკავშირდებოდა თუ უფრო მძიმე დანაშაულებსაც? მაგალითად, კანიბალიზმს?

გარდაცვლილი ეფშტეინი ამ კითხვებს ვეღარ უპასუხებს. სხვები კი ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებენ.  

ეს არ არის მხოლოდ ერთი მდიდარი კრიმინალის ისტორია. ამ სკანდალმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის, რაც თითქოს ყველამ ვიცოდით - ძალაუფლებას, ფულსა და კავშირებს შეუძლია არა მხოლოდ დამნაშავის დაცვა, არამედ დანაშაულის წახალისებაც.

ამ შემთხვევაში ამერიკული გამონათქვამის მსგავსად, არც ქართული "ბოროტსა სძლია კეთილმა" გამართლდა.

ეპშტეინის დოსიე შეიძლება ოფიციალურად დაიხურა, მაგრამ არა საზოგადოებისთვის და მისი მსხვერპლებისთვის. როცა ძალაუფლება პასუხისმგებლობას გაურბის, სამართლიანობა ბოლომდე აღდგენილად ვერ ჩაითვლება. 

ავტორი: ნათია ჩეხერია. 

დღის ამბები