ოდესმე გიფიქრია რატომ ჰგავს ძველი ეგვიპტე ისტორიას, რომელიც ბოლომდე არ იკითხება? ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც ახალს ვიგებთ, თითქოს გვრჩება განცდა, რომ ამ სიახლის მიღმა კიდევ ერთი საიდუმლოებაა.
ისტორიის ძიებაში რას ვპოულობთ სინამდვილეში? პასუხებს თუ უფრო რთულ კითხვებს? იქნებ სწორედ ამიტომ არ მთავრდება ძველი ეგვიპტის ამბავი არასოდეს და ყოველთვის გვიტოვებს განცდას, რომ შემდეგი თავი ჯერ კიდევ არ წაგვიკითხავს.
როცა ძველ ეგვიპტეზე ვსაუბრობთ, არა მხოლოდ ერთ ცივილიზაციას, არამედ ათასწლეულებზე გადაჭიმულ სამყაროს ვგულისხმობთ, სადაც ისტორია, რელიგია, პოლიტიკა და მითები ერთმანეთშია გადახლართული. ეს იყო ქვეყანა, რომელმაც ააგო პირამიდები, ღმერთებს ადამიანური სახე მისცა და სიკვდილი არა დასასრულად, არამედ სხვა ცხოვრების კარიბჭედ წარმოიდგინა.
ნილოსის ნაპირებზე შექმნილმა კულტურამ ისეთი მემკვიდრეობა დატოვა, რომ დღესაც, ათასობით წლის შემდეგ, მისი საიდუმლოებები მეცნიერებსა და საზოგადოებას ერთნაირად იზიდავს.
ეგვიპტური ცივილიზაციის იდუმალება მხოლოდ მონუმენტურ არქიტექტურაში არ არის. ის იმ რწმენაშია, რომელიც ადამიანის სხეულსა და სულს უკვდავებას ჰპირდებოდა. იმ ტექსტებშია, რომლებიც სიცოცხლისა და სიკვდილის საზღვარს აღწერდა და იმ სამარხებშია, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ჩუმად ინახავდა წარსულის ამბებს. ყოველი აღმოჩენა ახალ კითხვებს აჩენს: ვინ იყვნენ ეს ადამიანები სინამდვილეში? როგორ ხედავდნენ სამყაროს? და რა იყო მათი მთავარი მიზანი?
ერთ-ერთი პასუხი ან იქნებ ახალი კითხვა, 1923 წელს გაჩნდა, როცა ტუტანჰამონის აკლდამის კარი გაიღო. ამ დღიდან დღეს 103 წელი გავიდა.
ტუტანხამონის სახელი დღესაც ასოცირდება ახალგაზრდა ფარაონთან, რომელიც საუკუნეების შემდეგაც "საუბრობს" ძველი ცივილიზაციის საიდუმლოებებზე.
ვინ იყო ტუტანჰამონი?
ტუტანჰამონი (ძვ. წ. აღრ. 1341-1323 წ.) იყო ეგვიპტის ფარაონი, რომელსაც მსოფლიო ყველაზე მეტად მისი აკლდამის აღმოჩენის წყალობით იცნობს. ის ტახტზე დაახლოებით 10 წლის ასაკში ავიდა და ქვეყანას 9-10 წელი მართავდა.
ტუტანჰამონის მამად მიიჩნევა ფარაონი ეხნატონი, რომელსაც რელიგიური რეფორმების გამო "მწვალებლადაც" მოიხსენიებდნენ. ის იყო ფარაონი, რომელმაც ეგვიპტეში ერთღმერთიანობის დამკვიდრება სცადა და ტრადიციული ღვთაებების კულტს შეეწინააღმდეგა. თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტუტანჰამონის დედის ვინაობა. იგი არ ყოფილა ეხნატონის მთავარი მეუღლე ნეფერტიტი.
კვლევების მიხედვით, ტუტანჰამონის დედა ე.წ. ახალგაზრდა ქალბატონი იყო - ქალი, რომლის ზუსტი იდენტობა ჯერაც დაუდგენელია. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის ეხნატონის და იყო, რაც ნიშნავს, რომ ტუტანჰამონი სამეფო ოჯახში გავრცელებული ნათესაური ქორწინების შედეგად დაიბადა.
ტუტანჰამონის სამარხის კვალდაკვალ…
ტუტანჰამონის ხანმოკლე და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების შემდეგ, ისტორიის ფურცლებიდან მისი სახელი თითქმის გაქრა. საუკუნეების განმავლობაში მისი სამარხის ადგილსამყოფელი დავიწყებას მიეცა და ეგვიპტის ქვიშებმა ფარაონის კვალი ბოლომდე დაფარა. თუმცა XX საუკუნის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა.
ბრიტანელი არქეოლოგი ჰოვარდ კარტერი, წლების განმავლობაში იკვლევდა თებეს მიმდებარე ტერიტორიას, განსაკუთრებით კი მეფეთა ველს, სადაც ახალი სამეფოს მმართველები განისვენებდნენ. ექსპედიციები ინგლისელი არისტოკრატის, ლორდ კარნარვონის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სეზონის განმავლობაში ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო, კარტერი არ კარგავდა იმედს. 1922 წელს, როცა კარნარვონს პროექტის შეწყვეტა ჰქონდა გადაწყვეტილი, არქეოლოგმა სთხოვა, კიდევ ერთი შანსი მიეცა. ეს გადაწყვეტილება გადამწყვეტი აღმოჩნდა.
იმავე წლის ნოემბერში მუშებმა ქვიშის ქვეშ დამალულ ქვის საფეხურს მიაგნეს. მალე გამოიკვეთა კიბის მთელი რიგი, რომელიც დალუქულ კართან მიდიოდა. კარტერმა დაუყოვნებლივ აცნობა კარნარვონს აღმოჩენის შესახებ და სთხოვა, პირადად დასწრებოდა გახსნას. როდესაც საბოლოოდ შეაღწიეს შიგნით, კარტერის თქმით, თავდაპირველად მხოლოდ სიბნელე და მძიმე, ცხელი ჰაერი იგრძნობოდა. სანთლის ალის ციმციმში ნელ-ნელა გამოიკვეთა საოცარი სურათი - ოთახები სავსე იყო ქანდაკებებით, საგნებით და ბრწყინვალე ოქროთი. ყოველი მხრიდან ელავდა ძვირფასი ნივთები, თითქოს დრო შეჩერებულიყო.
რამდენიმე დღეში მკვლევრები შიდა პალატებშიც შევიდნენ. აღმოჩნდა, რომ აკლდამა თითქმის ხელუხლებელი იყო - იშვიათი შემთხვევა მეფეთა ველზე, სადაც სამარხების უმეტესობა ჯერ კიდევ ძველ ეპოქაში იყო გაძარცვული. დაიწყო ოთხი ოთახის დეტალური შესწავლა, ხოლო 1923 წლის თებერვალში გაიხსნა უკანასკნელი კამერაც.
იქ იდგა ქვის სარკოფაგი, რომელშიც ერთმანეთში ჩასმული სამი კუბო იყო მოთავსებული. ყველაზე ბოლო, სუფთა ოქროსგან დამზადებულ კუბოში, თავად ტუტანჰამონის მუმიფიცირებული ნეშტი აღმოჩნდა.
სამარხში ნაპოვნი საგანძური შთამბეჭდავი იყო: რიტუალური ნივთები, სამკაულები, ეტლი, იარაღი, ტანსაცმელი, ქანდაკებები და მრავალი სხვა ნივთი, რომელიც ფარაონის სიცოცხლესა და რწმენას ასახავდა. თუმცა ყველაზე ფასეული აღმოჩენა მაინც თავად მუმია აღმოჩნდა - უნიკალურად შემონახული, სამი ათასწლეულის შემდეგაც კი.
ტუტანჰამონის ნეშტი
ტუტანჰამონის მუმია აღმოჩენისთანავე იქცა მეცნიერული ინტერესის საგნად, თუმცა კვლევის მეთოდები დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა - თავდაპირველი ვიზუალური დათვალიერებიდან თანამედროვე გენეტიკურ და კომპიუტერულ ანალიზამდე.
ჰოვარდ კარტერის ჯგუფმა სარკოფაგი 1925 წელს გახსნა. მაშინდელი ტექნოლოგიური შესაძლებლობები შეზღუდული იყო, ამიტომ, კვლევა ძირითადად ანატომიურ აღწერას მოიცავდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფარაონი ახალგაზრდა ასაკში - დაახლოებით 18-19 წლისა გარდაიცვალა. იმ პერიოდში გაჩნდა ვარაუდი, რომ მას შესაძლოა თავის არეში ძლიერი დარტყმა ჰქონდა მიღებული, რამაც მკვლელობის თეორიაც გააჩინა.
XX საუკუნის შუა წლებში მუმიას რენტგენი გადაუღეს. გამოსახულებამ თავის ქალის შიგნით მცირე ძვლის ფრაგმენტი აჩვენა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ეჭვი, რომ ტუტანჰამონი შესაძლოა ძალადობრივად მოკლეს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს დაზიანება, დიდი ალბათობით, მუმიფიცირების პროცესის ან კარტერის დროინდელი მანიპულაციების შედეგი იყო და არა სიკვდილის მიზეზი.
2005 წელს ჩატარდა დეტალური სკანირება. ამ კვლევამ ბევრი მითი გააქარწყლა. დადგინდა, რომ თავის ტრავმა სიცოცხლის პერიოდში არ მიუღია. თუმცა აღმოჩნდა სხვა მნიშვნელოვანი ფაქტი - ფარაონს მარცხენა ფეხზე ჰქონდა მძიმე მოტეხილობა, რომელიც სიკვდილის წინ მიიღო.
ტომოგრაფიამ ასევე აჩვენა, რომ ტუტანჰამონს თანდაყოლილი პრობლემები ჰქონდა: ძვლოვანი დეფორმაციები, ფეხის ანომალია, რის გამოც, სავარაუდოდ, ჯოხის გამოყენება უწევდა. ეს დასტურდება მის სამარხში ნაპოვნი მრავალი ხელჯოხით.
ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები დნმ-ის კვლევამ მოიტანა. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ტუტანჰამონი ეხნატონის შვილი იყო. ასევე დადგინდა, რომ მისი მშობლები ახლო ნათესავები - და-ძმა იყვნენ, რაც სამეფო ოჯახში გავრცელებული პრაქტიკა იყო. ამან ნაწილობრივ ახსნა მისი ჯანმრთელობის პრობლემებიც.
გენეტიკურმა ტესტებმა აჩვენა, რომ ტუტანჰამონი მალარიის პარაზიტით იყო ინფიცირებული. სავარაუდოდ, სწორედ მალარიის მძიმე ფორმამ, ფეხის ტრავმასთან და სუსტ ჯანმრთელობასთან ერთად, მისი გარდაცვალება გამოიწვია.
ამრიგად, თანამედროვე კვლევებმა მკვლელობის ვერსია პრაქტიკულად უარყო და ტუტანჰამონის სიკვდილი ბუნებრივ მიზეზებს - დაავადებასა და ტრავმას დაუკავშირა. მისი მუმია დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საფუძვლიანად შესწავლილ სამეფო ნეშტად რჩება, რომელმაც არა მხოლოდ ერთი ფარაონის ბედი, არამედ ძველი ეგვიპტის სამეფო დინასტიის საიდუმლოებებიც გაამჟღავნა.
თანამედროვე ტექნოლოგიებმა თითქოს საბოლოოდ ახადა ფარდა ტუტანჰამონის საიდუმლოებებს. კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ უარყო მკვლელობის თეორია, დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა მისი წარმომავლობა და ნათესაური ქორწინების ფაქტი, ლაბორატორიულმა კვლევებმა კი აჩვენა, რომ ახალგაზრდა ფარაონი მალარიასა და ძვლოვან პრობლემებს ებრძოდა. თითქოს ყველაფერი გაირკვა - ვიცით, ვინ იყო მისი მამა, რა აწუხებდა და რა შეიძლებოდა გამხდარიყო მისი სიკვდილის მიზეზი.
და მაინც, რაც უფრო ზუსტ პასუხებს გვაძლევს მეცნიერება, მით უფრო ცხადი ხდება, რომ ყველა პასუხს ახალი კითხვა მოსდევს. რატომ იყო მისი სამარხი თითქმის ხელუხლებელი, მაშინ როცა სხვები გაძარცვული აღმოჩნდა? რატომ იქცა სწორედ ეს ახალგაზრდა და ერთი შეხედვით, ნაკლებად მნიშვნელოვანი მმართველი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფიგურად? და რამდენად შეიძლება მეცნიერებამ ბოლომდე ახსნას ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ლეგენდად იქცა?
შესაძლოა სწორედ აქ იბადება მთავარი წინააღმდეგობა ფაქტებსა და წარმოსახვას შორის. რა არის თითოეული გახსნილი სამარხი - პასუხი თუ ახალი კითხვა? და იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაც ესაა: რატომ გვაბრუნებს ძველი ეგვიპტე ისევ და ისევ იმ წერტილთან, სადაც ისტორია და ლეგენდა ერთმანეთს ერწყმის?
ავტორი: სანდრო კაჭახიძე