10 აგვისტო 2026,   14:11
ვრცლად
"ის პირები, რომლებიც ე.წ. მენტორები იყვნენ და ამ მოცემულობით ვითომ ახალგაზრდებს სწორ გზაზე აყენებდნენ, თვითონ დღეს თბილად არიან და დანაშაულჩადენილი ახალგაზრდები იქნებიან თუ სხვა პირები, სასჯელს იხდიან" - დავით მათიკაშვილი

მმართველი გუნდი ძალადობაში მსჯავრდებულების და ბრალდებულების სტუდენტ პატიმრებად წარმოჩენასა და დანაშაულის წახალისებაზე საუბრობს. პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სატელევიზიო დებატებმა აჩვენა იმ მენტორ-ორგანიზატორების უსაფუძვლო სპეკულაციები, რომელთაც ახალგაზრდები, წინა ხაზზე რევოლუციისთვის მიუშვეს და კანონს და კონსტიტუციას შეაჯახეს. სპიკერი სტატუსთან ერთად, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოსაც, სადაც ჩანს ძალადობის ფაქტები და მოწოდებები აქციებზე დაკავებულების მხრიდან. სპიკერი წერს, რომ ძალადობისთვის ახალგაზრდების წახალისება დღესაც გრძელდება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ჩადენილი დანაშაულის შინაარსში, იმ ადამიანების როლი, რომლებიც იტყუებოდნენ და ხალხს ეუბნებოდნენ, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ ჩელიაბინსკში გაიღვიძებთო, ძალიან დიდია.

"დანაშაული ჩაიდინეს და ამ დანაშაულის შინაარსში იმ ხალხის როლი, რომელიც უღვივებდა ტყუილს და ეუბნებოდა, რომ ჩელიაბინსკში გაიღვიძებთ ხვალ ეს კანონი თუ მივიღეთ, ბუნებრივია, ძალიან დიდია. დღეს, ისინი მოკალათებულები არიან სავარძლებში და ეს ადამიანები იხდიან სასჯელს. სავსებით სამართლიანად იხდიან სასჯელს, რადგან დანაშაული ჩაიდინეს. მაგრამ, ის პირები, რომლებიც ე.წ. მენტორები იყვნენ და ამ მოცემულობით ვითომ ახალგაზრდებს სწორ გზაზე აყენებდნენ, თვითონ დღეს თბილად არიან და დანაშაულ ჩადენილი ახალგაზრდები იქნებიან თუ სხვა პირები, იხდიან სასჯელს. ეს ტრაგედია, რომელიც ტყუილმა დაატრიალა საქართველოში, რაც საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის გათვალისწინებული კანონის მიღებას მოჰყვა", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები