13 აგვისტო 2026,   09:51
ვრცლად
გამოხმაურება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის აშშ-ში ვიზიტზე - რომელმა შეხვედრებმა გამოიწვია ოპოზიციის მხრიდან აჟიოტაჟი და რა მისწერა ქართულ გამოცემას სახელმწიფო დეპარტამენტმა

სპეკულაციები, დამატებითი კითხვები და ახალ ახალი ვერსიები- სუს-ის უფროსი სამუშაო ვიზიტის შემდეგ, ამერიკიდან საქართველოში 3 დღის წინ დაბრუნდა, თუმცა ოპოზიციაში საკითხი აქტუალობას ამ დრომდე არ კარგავს. ხელისუფლების ოპონენტები ინტერესდებიან, თუ ვის შეხვდა მამუკა მდინარაძე და რა იყო ამ შეხვედრის მთავარი თემა. ოპოზიციის საპასუხოდ, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ვაშინგტონში შეხვედრები უსაფრთხოების
საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ისე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომაც უკვე გაავრცელა, თუმცა ეს ოპოზიციისთვის საკმარისი მაინც არ არის, განმარტებებს თავად სუს-ის უფროსისგან ითხოვენ, ავრცელებენ სხვადასხვა ვერსიასაც. მათ შორის უკვე გაჟღერდა დონალდ ტრამპის ახლო გარემოცვის წევრის სახელი და გვარიც. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთ წევრი "ფეისბუკზე" წერს, რომ მამუკა მდინარაძე ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორს - ტულსი გაბარდს შეხვდა. "ნაციონალების" მსგავსად, სუს-ის ხელმძღვანელის პასუხების მოლოდინშია გახარიას გუნდიც.

სუს-ის უფროსის სამუშაო ვიზიტი კოლეგების მიწვევით ამერიკის შეერთებულ შტატებში, რამდენიმე დღით ადრე კი საქართველოს პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა მარკო რუბიოსა და ჯეი დი ვენსთან - ამ მოვლენების შემდეგ, ოპოზიციის რეაქციამ, მმართველი გუნდისთვის ცხადყო, რომ მათი ოპონენტების მხრიდან სპეკულაციები მაშინ იწყება, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვის შანსები ჩნდება.

ამერიკის და საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვა რომ ორივე მხარისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ამას, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტშიც ადასტურებენ. ნეტგაზეთის მიერ სახდეპში გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ, უწყებაში განმარტავენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის. საპასუხო წერილში ვკითხულობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საკითხზე ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას განაგრძობს.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები