თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი მოადგილის გიორგი ხაინდრავას და ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე გამოჰკითხეს ბრალდების მხარის მოწმეები. ბურჭულაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.
"დასტურდება იმ ექსპერტიზის დასკვნებით, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ მოახდინა ქონების რეალიზაცია, რითაც მოახდინა თუნდაც ესპანეთში მდებარე სახლის შეძენა. ფასები იყო აქ მნიშვნელოვანი და ექსპერტიზის დასკვნაში ნათლად წერია, რომ ფასი შეესაბამება იმ ფასს, რაც წერია ხელშეკრულებაშიც და რასაც ვამბობდით ჩვენ აქამდე." - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე.
განცხადება გააკეთა ბრალდების მხარემ.
"ჯუანშერ ბურჭულაძეს, გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურს და ვასილ მხეიძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა ბრალდების მხარის 9 მოწმე. მათგან ერთ-ერთი პირი იყო თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, რომელმაც პირდაპირ დაუდასტურა სასამართლოს, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და მით უმეტეს, ამ ტენდერზე, გადაწყვეტილებას იღებდნენ პირდაპირ მაშინდელი მინისტრი, მინისტრის მოადგილე და რა თქმა უნდა, შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, შესაბამისად, ბრალდებული პირები. ასევე, დაიკითხა 8 ექსპერტი, მათ მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია სხვადასხვა ბრალდებულების და მათ შორის, შესყიდული ქონების სასაქონლო ღირებულებებთან მიმართებით," - აცხადებს პროკურორი ანა ლეკიაშვილი.